დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით უნდა დავიწყოთ მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით შეთავაზებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე. უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითიც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე. რიგ შემთხვევაში რამდენჯერმე გაიზარდა ფასები. მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული, დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დაესწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. დარწმუნებული ვარ, გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ამ მხრივ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით“, – განაცხადა კობახიძემ.