ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის, პოლიტიკურ თემაზეც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება გაფართოების საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაერთიანებულ სამეფოში განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს.
კობახიძის თქმით, საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით.
„დღეს მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეოთხე სამიტში. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთ-ერთი მთავარი თემა არის დაკავშირებადობა. უფრო კონკრეტულად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა და, რა თქმა უნდა, გავუზიარებ ჩვენს ევროპელ კოლეგებს გზავნილებს, როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება, სწორედ ამ კუთხით, დაკავშირებადობის კუთხით და, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.
„ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც, ბუნებრივია, ევროპისთვის იქნება ძალიან საინტერესო. კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ევროპელ პარტნიორებთან კონკრეტულ პროექტებზეც გვექნება საუბარი. კოლეგებთან საუბრის საშუალება ჩვენ, მათ შორის, ორმხრივ ფორმატში გვექნება, ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის, პოლიტიკურ თემებზე და გაფართოებაც იქნება საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.