პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი

დღეიდან, ის იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ვთქვი სხდომათა დარბაზში. იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. პირველი, დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი, მძიმე დარღვევა, რასაც ექნება სერიოზული, პრევენციული შედეგი და მეორე, კიდევ ერთხელ ვნახეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც ჩამოყალიბებულია სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის. რა თქმა უნდა, ეს ორივე შედეგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისად, დღეიდან შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.

იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდნენ ე.წ. კარწინკაზე, როგორც მან უწოდა. რაღაც ძლიერი სურათი ერთად უნდა შეექმნათ. სინამდვილეში, ვერავითარი სურათი, ბუნებრივია, ამით ვერ შეიქმნა. ეს სურათი, რაც იხილა საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში, არის იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც ჩამოყალიბებულია სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის. ეს იყო მიზეზი, რატომაც ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს უწოდებდნენ აგენტს, ჯაშუშს და ათას უბედურებას, დღეს მხარს უჭერენ მის მიერ თანამდებობის შენარჩუნებას, რატომ?! იმიტომ, რომ ისინი არიან ალიანსში ერთმანეთთან“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული იყო.

 

ასევე ნახეთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანკარას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია