სანქციების თემას ძალიან დიდ დროს თუ ვინმე უთმობს, მაგალითად, ხოშტარიები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, პოდოლიაკები, ერმაკები, არახამიები და ა.შ. და თუ ვინმეს ეკუთვნის შენიშვნა, კარგი იქნება, სწორი აქცენტები დაისვას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც სანქციებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.
კერძოდ, ზარქუამ შეაფასა სანქციებზე დეგნანის განცხადების ის ნაწილი, სადაც აშშ-ის ელჩი ამბობს: „ცოტა დამაბნეველია, ზოგიერთი რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზამკვლევზე“.
როგორც ზარქუა ამბობს, კარგი იქნება, თუ კელი დეგნანი რეალურ ავტორებზე იქნება ფოკუსირებული, მათზე, ვინც სანქციებზე დღე და ღამ საუბრობს.
„ისინი უთმობენ სწორედ დიდ დროს სანქციების თემას და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქის, ჩვენი ქვეყნის მისამართით და თან ცრუ ბრალდებებს. კარგი იქნება, თუ ქალბატონი დეგნანი უფრო ფოკუსირებული იქნება რეალურ ავტორებზე, ვინც ამ სანქციებზე დღე და ღამ საუბრობს. მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და ვეთანხმები. მან თქვა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებზე და კონკრეტულ პიროვნებებზე საუბრობს, გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის ღია, გამჭვირვალე პროცესი, ყველასთვის ცნობილია და მსგავსი რამ არ იგეგმება. ამ ხელმოცარულებს, რომლებიც არიან პოლიტიკაში, როგორც შიგნით მავნებლები, ასევე საგარეო ფრონტზე, მათ შორის უკრაინაში, ამით კიდევ ერთხელ ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ დიახ, არავინ არ გეგმავს კონკრეტული ადამიანის სანქცირებას და თუ იქნება, ეს იქნება ღია, გამჭვირვალე და ამას თეთრი სახლი პირდაპირ ატყობინებს. ამით ეს დისკუსია მოკვდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.