სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შეფასებისას.
თბილისის მერმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე ფიქრობს, რომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. არაფერს გამორიცხავს, რადგან ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს.
„მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის „მესიჯებს“ და განმარტებებს, თუმცა, ეს ყველაფერი უფერულდება, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, პრეზიდენტი არ ატარებს საგარეო პოლიტიკას, არამედ ქვეყნის მთავრობა, აქედან გამომდინარე პრეზიდენტმა ვიზიტები მთავრობასთან უნდა შეათანხმოს.
„ჩვენს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტმა ვიზიტები უნდა შეათანხმოს მთავრობასთან. თუ აქამდე ამას აკეთებდა და მთავრობას უთანხმებდა, დღეს რატომ გახდა ეს ყველაფერი აბსურდი? ცხადია, რა არის ამის მიზეზი. სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია.
საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, კონსტიტუციაში რა მოცემულობაც გვაქვს, ყველამ კარგად ვიცით. საგარეო პოლიტიკას ატარებს ქვეყნის მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ჩვენ ვართ არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო რესპუბლიკა. გვაქვს ახალი კონსტიტუცია, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა ვცეთ მას“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძე ასევე შეეხო საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე. მისთვის გაუგებარია, პრეზიდენტმა რატომ არ მოაწერა ხელი იუსტიციის სახლის მიერ გაგზავნილ დოკუმენტს.
„ვერ გეტყვით. ეს შეკითხვა თავად მას უნდა დაუსვათ, რა არის მიზეზი, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტს ხელს არ აწერს. პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ხოლო ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ არღვევს ორგანულ კანონს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“. ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
.