„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგარეჯოში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. მან დაასახელა პირები, რომლებიც მისი თქმით, ინციდენტის ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ.
„ამ ქვებს დღეს პენსიონერებს ვინ ესროდა? უნდათ წარმოაჩინონ, რომ ხალხი. რა ხალხი? ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული “ტიტუშკები”. „ნასედკა“ ნომერი ერთი – საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი, რომელიც იყო ორგანიზატორი ამ ქვების სროლის. „ნასედკა“ ნომერი ორი – საგარეჯოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ვანო ბეჟიაშვილი. სუს-ის “ნასედკა” ნომერი სამი – ვეფხია უსტიაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე, ახალგაზრდა რუსი „პუტინისტი“, ღარიბაშვილის და კობახიძის გაგრძელება. ირაკლი რუაძე, საგარეჯოს საკრებულოს წევრი. ეს არის ის 4 ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირებაც 40 წუთში მოვახერხეთ. ჩვენ არაფრის გვეშინია. მოვუწოდებ საზოგადოებას, კარგად დაფიქრდეს, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არ გვაცდიან მოქალაქეებთან შეხვედრას, ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი და ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ და ისტერიკა დაიმართეს მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში. დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, მოსახლეობასთან ერთად ჩვენ ვაპირებთ აი, ამ ქვასროლია „პუტინისტებს“ კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცოდეთ, გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ასე ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150 სოფელში, ქალაქში, მუნიციპალიტეტში და რაიონში, ახლა ჩავალ 240-ში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს, რომლებიც პენსიონერებს ხვდებოდნენ საგარეჯოში, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.