ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე მხარის წერილობითი მოსაზრებები წარადგინა, – ინფორმაციას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტიმ თავისი წერილობითი მოსაზრებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის შესახებ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, გამოაქვეყნა.
„2025 წლის 4 ივლისს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა (შემდგომში კომისარი) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (შემდგომში სასამართლო) აცნობა სასამართლო პროცესში მესამე მხარის სტატუსით ჩართვის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში კონვენცია) 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, და საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ წერილობითი მოსაზრებების წარდგენის შესახებ“, – ნათქვამია მაიკლ ო’ფლაერტის მოსაზრებაში.
კომისარი აცხადებს, რომ „კანონის მიღება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს“.
„კომისარი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესება, მათ შორის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ და/ან „უცხო ძალების აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება, ზღუდავს ადამიანის უფლებათა დამცველების შესაძლებლობას, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უფლებებით ისარგებლონ“, – ნათქვამია მოსაზრებაში.
მაიკლ ო’ფლაერტის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის „დებულებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 10(2) და 11(2) მუხლების მნიშვნელობით გათვალისწინებულ კანონიერების, ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს, შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს. ასევე, კანონის რამდენიმე ასპექტი ძირს უთხრის მის გაცხადებულ მიზანს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებაზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს“.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ზოგიერთი დებულების ფორმულირება ბუნდოვანია და სახელმწიფო ორგანოებს, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს, კანონის აღსრულებისთვის ფართო უფლებამოსილება აქვთ მინიჭებული. ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, „უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ კატეგორია პოტენციურად ძალიან დიდი და განუსაზღვრელია ფართო და ბუნდოვანი ტერმინების გამო, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ართულებს იმის გაგებას, მათზე ვრცელდება თუ არა კანონი“, – წერს კომისარი.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აუცილებლობასთან დაკავშირებით, კომისარი აღნიშნავს, რომ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ იარლიყის გამოყენება, შეცდომაში შემყვანია და მსგავსია რუსეთში გამოყენებული „უცხოელი აგენტის“ იარლიყის, რომელიც სასამართლომ კონვენციის დარღვევად შეაფასა. კომისარი თვლის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეშვეობით ნეგატიური იარლიყის მიწერას კიდევ უფრო ამწვავებს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების „სახელმწიფოს მტრებად“ და „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ წევრებად მოხსენიება“, – აღნიშნულია მოსაზრებაში.
კომისარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის „გაცხადებულ მიზნებთან დაკავშირებით სამ ასპექტს ასახელებს, რომლებიც კითხვებს აჩენს: პირველი – დამატებითი კანონები, რომელთა მიზანია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა. 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მთავრობის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ მიღებულ იქნა რამდენიმე კანონი, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უფლებას. მეორე – კომისარი აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ თავდასხმებისა და ცილისწამების კამპანიების გზით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ დაშინების გამოყენებას. კომისარი შეშფოთებით აღნიშნავს, საქართველოში მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოყენებულ რიტორიკას, რომელიც განმეორებით აცხადებდა, რომ არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში რევოლუციის მოწყობას ცდილობდნენ. ასევე, კომისარი აღნიშნავს მმართველი პარტიის წევრების მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აკრძალვის ან დაშლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. მესამე – კომისარი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება“.