Breaking News

მიხაილ როთი – ბრალდებების დაზუსტების გარეშე, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს ლეგიტიმურად – ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი აქ არიან, რადგანაც უკიდურესად შეშფოთდნენ ბოლო დროს საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და მთავრობის ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო.

მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. როგორც როთმა აღნიშნა, უმეტეს საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი.

როთის განცხადებით, ფართოდ გავრცელებული ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ მუქარამ ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესს და წარმოქმნა სერიოზული შეშფოთება შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და „ეს დადგინდა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ და დამოუკიდებელი ქართული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“.

„სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკისა და კანცლერ შოლცის მოწოდებას ამ სერიოზული ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებასთან დაკავშირებით. თუ დამოუკიდებელ ქართულ გამოძიებას არ შეუძლია უზრუნველყოს, საერთაშორისო ორგანოებმა, როგორიცაა ევროპის კავშირი, ეუთო და ევროკავშირი, უნდა ჩაერთონ. ამ ბრალდებების დაზუსტების გარეშე, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს ლეგიტიმურად. თუკი ეს ბრალდებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვუწოდებთ ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ მათ წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებსა და ამომრჩევლების დაშინებაზე. დემოკრატიამ და ანგარიშვალდებულებამ ხელიხელჩაკიდებული უნდა იარონ და ისინი, ვინც ძირს უთხრიან ამ პრინციპებს შედეგების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ“, – აღნიშნა როთმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა განიხილოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა.

„ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა. ვიცი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ასევე ჩვენთვის. მაგრამ ძალიან სერიოზული სიტუაციაა და ჩვენ მაგიდაზე ყველა ინსტრუმენტი უნდა დავდოთ, რაც ხელთ გვაქვს. მტკიცედ ვუდგავართ ქართველ ხალხს გვერდით ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულებაში. თუმცა, თუკი ამჟამინდელი მთავრობა განაგრძობს ანტიევროპულ ტრაექტორიას, არ გააუქმებს კანონებს, როგორიცაა რუსული „აგენტების კანონი“ და გააგრძელებს ევროკავშირის პრინციპებისთვის ძირის გამოთხრას, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს პროგრესი შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან“, – აღნიშნა როთმა.

მისი თქმით, საქართველოში გულწრფელი, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის იმყოფებიან არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ არასამთავრობოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან.

„სამწუხაროდ, მმართველმა პარტიამ და მთავრობამ არ მოისურვეს ჩვენი მიღება, ეს სამწუხაროა, რადგან დიალოგი მნიშვნელოვანია, თუ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, უნდა შევიკრიბოთ, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი განსხვავებული აზრები. ეს არის ევროპის არსი, აი რატომ ვართ აქ“, – აღნიშნა როთმა.

Check Also

ნიკა მელია – არათუ არ დააზიანებს, არამედ სახელმწიფო ინტერესს ატარებს ამ შინაარსის განცხადება, წერილი

კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია