პოლიტიკა

მოძრაობა „ხალხის ძალა“ – შემაშფოთებელია, რომ აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს

მიამიტები ვერ ვიქნებოდით და ვერ გვექნებოდა ილუზია, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა.

პარლამენტის აღნიშნული წევრების თქმით, „ამერიკელების მიერ აგენტურის ქსელის შექმნას გარკვეული რაციონალური ახსნა თუ აქვს, ქართველების აგენტობას იოტისოდენა გამართლებაც ვერ ექნება“.

ამასთან, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებით, „შემაშფოთებელია, რომ აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს“.

„80-იან და 90-იან წლებში თუ საქართველოს სუვერენიტეტს მთავარ საფრთხეს „კაგებეშნიკები“ და რუსული სპეცსამსახურების აგენტები უქმნიდნენ, 2 000-იან წლებში რუსულ აგენტურასთან ერთად სუვერენიტეტისთვის სერიოზულ პრობლემად ამერიკული აგენტურაც იქცა. მეტიც, აგენტურის სიას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ არაერთ შემთხვევაში კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ამერიკულ სპეცსამსახურებში პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ამოყვეს თავი. ეს ფაქტი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ აგენტი სხვა სახელმწიფოს სამსახურში არა მისი პოლიტიკური ორიენტაციის, არამედ მხოლოდ უპრინციპობისა და უსამშობლობის გამო დგება.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სიახლე ვერც ის იქნება, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლების მთავარი ლიდერები და იდეოლოგები ამერიკულ აგენტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, 2013 წელს ორი მათგანი სწორედ საელჩოს დაჟინებული თხოვნით გადაურჩა დაჭერას, როდესაც პროკურატურას მათზე სრულიად უნაკლო სისხლის სამართლის საქმეები ჰქონდა გამზადებული. „ენჯეოების“ რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ლიდერის აგენტობაზე საზოგადოებას, ვფიქრობთ, თავისი მკაფიო წარმოდგენა აქვს შექმნილი. აგენტურა საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი 2012 წლის სამთავრობო კოალიციაშიც, რის გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ამერიკელები მაშინ შედარებით მარტივად შეეგუენ.

დღეისთვის, ამ ადამიანების უმეტესობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული. მათგან ზოგიერთი ჯერჯერობით შედარებით დაბალი ჩინის აგენტები უნდა იყვნენ, თუმცა, ვხედავთ, რომ დაწინაურებისთვის ისინი მაქსიმუმს კადრულობენ.

ბუნებრივია, მიამიტები ვერ ვიქნებოდით და იმის ილუზია ვერ გვექნებოდა, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა. აქ საყურადღებო ორი ფაქტია: პირველი, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე პირდაპირი ფორმითაც კი შემოგვაპარეს, სრულიად მიუღებელია. პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა. შესაბამისად, ამერიკელების მიერ აგენტურის ქსელის შექმნას გარკვეული რაციონალური ახსნა თუ აქვს, ქართველების აგენტობას იოტისოდენა გამართლებაც ვერ ექნება.

მეორე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმეში აგენტები საელჩოს მხოლოდ ბრმად მიყვებიან და ქვეყანას შეგნებულად არ ვნებენ. ეს ფაქტი აგენტების უღირსობას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს“, – ნათქვამია მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებაში.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია