პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბები იქმნება.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს გეგმა პარტიის ბიუჯეტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვასაც გულისხმობს.

მისივე თქმით, გეგმა ზეპარტიულია და შტაბებში გაწევრიანება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

„ჩვენი გუნდის დაპირების შესაბამისად, პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა. ამ შტაბებისთვის ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ყველანაირი დახმარების უზრუნველყოფა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტის ნაწილის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვა, ჩვენი გეგმაა. საზოგადოებამ იცის, რომ კვირების განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა ერთ კანდიდატთან, გიორგი ჩალაძესთან. მას ეყოლება გუნდი, შტაბების ჩამოყალიბებასა და გამართვაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს. „ნაციონალური მოძრაობა“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის თემის გააქტიურებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ხელი შეუწყოს. ეს ყველაფერი იქნება ზეპარტიული და შტაბებში გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მე მინდა ამ შტაბს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და ზემოაღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, მოქმედება ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, რაც ძალიან მალე მოხდება.

„მე მიხარია, რომ ამ პარტიაში „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ მთავარი მუშაობის სტილი იქნება. ჩემთვის პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცით. ეს არის ლევან ხაბეიშვილის დეკლარირებული გეგმა. პრეზიდენტის გათავისუფლებაში არაერთი ადამიანია ჩართული. შტაბების კარი ყველასთვის ღიაა. პირველივე დღიდან ჩვენი მეგობრები სხვა პარტიებიდანაც გვეხმარებიან. უახლოეს დღეებში, გვექნება იმის პრეზენტაცია, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. ეს ძალიან მალე მოხდება“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია