პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან სრული მხარდაჭერა იყო. ამასთან, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, არჩევნები ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.

„მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ კანდიდატების წარმომადგენლებმა შემოიტანეს ორი პროექტი. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, „ფეისბუქ“ პლატფორმაზე იყო საუბარი, მეორე იყო ბლოკჩეინის პლატფორმა, მაგრამ ორივე მხარე ამ ვითარებაში აღმოჩნდა „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ. 69-მ მისცა ხმა, ერთი იყო წინააღმდეგი. გადაწყვეტილება მიღებული იქნა „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ, რომელიც წარმოადგინა ნიკა მელიას ჯგუფმა. რაც შეეხება თარიღს, შემოვედი ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებული ყოფილიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. ამ საკითხზეც სრული მხარდაჭერა იყო. არც ერთი წინააღმდეგი, პოლიტსაბჭომ სრული მხარდაჭერით მიიღო ეს წინადადება და არჩევნების დღედ განისაზღვრა 28-29 იანვარი. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, საღამოს ექვს საათზე. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც შედგება პოლიტსაბჭოს ხუთი წევრისგან და თითოეულ კანდიდატს ექნება კომისიის თითო წევრის დანიშვნის შესაძლებლობა. პრაქტიკულად ყველა საკითხზე მიღწეულია შეთანხმება და მიღებულია გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

გარდა ამისა, კობა ნაყოფიამ აღნიშნა, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არის ძლიერი პარტია, ერთადერთი პარტია დღეს საქართველოში, სადაც შეიძლება, ხდებოდეს ასეთი პროცესები, ეს კარგია, მისასალმებელია. პარტიაში არის აზრთა სხვადასხვაობა, სხვადასხვა ჯგუფი, რომლებსაც სტრატეგიაზე შეიძლება, სხვადასხვა ხედვა ჰქონდეთ, მაგრამ ძირითად, ფუნდამენტურ საკითხებში პარტია ყოველთვის გამოდის ერთიანად. ახლა პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი თავისუფლება, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში სხვა პოლიტპატიმრები არიან და კარგად გესმით, რომ დღეს ნიკა გვარამია ციხეში იმყოფება. ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს და აუცილებლად მივაღწევთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია იყვნენ თავისუფალი და ყველა პოლიტპატიმარი იყოს თავისუფალი. არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ირღვევა. ეს არის ნორმალური, დემოკრატიული, პროცესი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და დაგვირგვინდება მისი სრული გამარჯვებით შემდეგ არჩევნებზე, რომელიც აუცილებლად წაიყვანს ამ ქვეყანას წინ, მის აღმშენებლობას დაუდგება სათავეში მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი ლიდერების მეთაურობით“, – ამბობს კობა ნაყოფია.

ასევე ნახეთ

მაკა ბოჭორიშვილი – უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის გამთლიანება და და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა

ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია