“ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შესაძლოა პარტია დატოვოს. ამის შესახებ თავად „მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა. თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
“თუ დავრწმუნდით, რომ ერთი პარტიული ნომრის ქვეშ ბრძოლა არის შეუძლებელი, მე ვფიქრობ, ძალას ვიპოვით ჩვენს თავში, რომ სხვადასხვა პლატფორმით სხვა ადამიანებთან ერთად ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას. ამ წუთას მე მიჭირს ამის თამამად თქმა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ მთელი რიგი საკითხების გარშემო. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არაფერ შუაში არაა და მას შემდეგ რაც მოხდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას აღნიშნავს, რომ არ აპირებს, გამუდმებით ილაპარაკოს ენმ-ში ვანო მერაბიშვილსა და დათო კეზერაშვილის გავლენებზე. მისი თქმით, როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, სჯობს, რომ დაშორდეს.
“მე არ ვაპირებ, რომ გამუდმებით ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილსა და დათო კეზერაშვილზე, საკმარისად ვილაპარაკეთ ერთმანეთზე.
როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლოა, განშორება სჯობდეს. შეუძლებელია ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასწყვეტი და არც 20 და 30 ადამიანის. ვთანხმდებით, რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით. თუ რამე იოტისოდენა შანსი არის, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამის კაპიტალიზირება მოხერხდეს. ამიტომაც არ ვჩქარობდი მთელი 8 თვე. თუმცა ვატყობ, რომ [პარტიაში] კრიზისი არათუ ნელდება, არამედ ღრმავდება“, – აცხადებს მელია.
ნიკა მელია პარტიიდან წასვლის შემთხვევაში აპირებს ბრძოლა ახალი პლატფორმიდან განაგრძოს და ენმ-სთან საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემოც ითანამშრომლოს.