პოლიტიკა

ნიკა მელია – საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად.

ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა.

„მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო, მოგმართავთ ყველას, ვისაც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ევროპული მომავალი გვინდა, ყველას, ვისაც ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება გვინდა. 30 წლის წინ საქართველომ დიდი ბრძოლით თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას და განაგრძო სვლა ევროპისკენ. ეს სვლა ხან უფრო სწრაფი იყო, ხან უფრო ნელი, მაგრამ დღევანდელ დღემდე, ეს სვლა არასოდეს შეჩერებულა, თუმცა შეჩერებულია ახლა, ახლა, როდესაც ევროპული პერსპექტივა ისე ახლოსაა, როგორც არასოდეს, მაგრამ ჩვენ, ბედის უკუღმართობით, გვყავს რუსული ოცნების მთავრობა, რომელიც გვექაჩება უკან, იმპერიული რუსეთისაკენ. ხალხის ნება კი არის ევროპა. ამ გზაზე პირველი და გადამწვეტი ნაბიჯია, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ოლიგარქის რუსული ოცნება კი ყველაფერს აკეთებს საპირისპიროდ, ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოდ.

ხელისუფლება დაუპირისპირდა ხალხს და ასეთი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მალე. დასაკარგი დრო არ გვაქვს, დღეს არსებული უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება, მალე დაიხუროს და ამაზე პასუხს ვაგებთ ყველა. სწორედ ამიტომ, შექმნილი უმძიმსი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა მიმართული იქნება ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად.

რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა? პირველი – მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. მეორე – უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან, ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, სკვერებსა და ქუჩებში ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის თაობაზე. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ – მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება ძალაუფლების კონსოლიდაცია ადამიანების ერთი ჯგუფის ხელში.

თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა, გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ მეტი და მეტი საქართველოს მოქალაქე. მესამე, უცხოელ პარტნირეობთან ინტენსიური კომუნიკაცია – აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და რუსული ორიენტირი აირჩია. ვაღიაროთ, ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში. ამ მოძრაობის შედეგად ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, ინტენსივობითა და მუხტით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

განსხვავებით წინა წლებისაგან, დღეს არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს. დღეს არის უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა ევროპული იდეის ირგვლივ. 70%-ზე მეტი მოქალაქეებისა ფიქრობ, ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისათვის. ასი ათასობით ადამიანმა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გამოხატა თავისი ნება, რომ არ დათმობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ქართულ ოცნებას ზურგი შეაქცია საკუთარმა ამომრჩეველმაც. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ბოლო პერიოდში შემცირდა 1/3 -ით. მან საკუთარ ამომრჩეველშიც დაკარგა ლეგიტიმაცია, რადიკალურადაა შეცვლილი სურათი და ესეც კმარა ვადამდელი არჩევნების დასანიშნად. მათაც, ვინც 2021 წელს ივანიშვილის ხელისუფლებას მისცა ხმა, ევროპული მომავალი უნდათ, არადა დღეს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ ოლიგარქი დასავლურ პოლიტიკას ატარებს.

„ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა პროდასავლური გზავნილებით, რაც დღეს კარდინალურადაა შეცვლილი, დეკლარირებულადაც კი, ხელისუფლების ნება მიუღებელია მისივე ამომრჩევლის უმრავლესობისთვის, რაც საკმარისი საფუძველია ახალი არჩევნების დასანიშნად. რას ეფუძნება რუსული ოცნების სტრატეგია? თავი მოგვაჩვენოს, რომ ძლიერია და ამით თესოს უიმედობა, რომ არაფერი არ გამოვა, რომ არაფერზე უკან არ დაიხევენ, დაუნდობლად გაუსწორდებიან ყველას, ვინც მათ რეჟიმს საფრთხეს შეუქმნის. ეს სტრატეგია მათი ბოლო ხავსია, მათი ერთადერთი და უკანასკნელი სტრატეგიაა, სხვა მათ არაფერი დარჩენიათ. ჩვენ მხარესაა მორალური უპირატესობა და აქამდე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა. მთავარია, არ დავიღალოთ, ჩვენი თანმიმდევრულობით და ორგანიზებულობით, იდეის ერთგულებით, ჩვენი ერთობით, პრინციპულობითა და თავდადებით ჩამოვშალოთ რუსული ოცნება. ჩვენი ბრძოლა არის მართალი და როდესაც ვამბობ ჩვენი, ვგულისხმობ არა საკუთარ თავს, საკუთარ პარტიას ან ოპოზიციას, არამედ ვგულისხმობ თითოეულ ადამიანს, ვისაც უნდა ევროპაში, ხედავს მდიდარ საქართველოს ევროკავშირში და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. ჩვენ უნდა გავხდეთ ამბიციური სახელმწიფო, სადაც ადამიანები ბრუნდებიან და საიდანაც არ მირბიან. სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები. ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ჩვენ ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ ახალ შესაძლებლობლად და ვადამდელი არჩევნებით შევქმნათ ახალი რეალობა. ვადამდელი არჩევნებით ყველა თავისი გემოვნებით აირჩევს მისთვის სასურველ პარტიას, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად და ცალ-ცალკე მოგვეცემა საშუალება, ავირჩიოთ ევროპა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია