არ ვართ ნეგატიურად განწყობილი, თუ დაცული იქნება ყველა საერთაშორისო სტანდარტი და საარჩევნო პრინციპი – ამ ეტაპისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი არ არის ინკლუზიური. შესაბამისად, მხოლოდ მას შემდეგ ექნება პროცესს ნდობა, რაც კონსენსუსი მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის და მათ შორის, გათვალისწინებული იქნება სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციები, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ელექტრონული არჩევნების ჩატარების თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მხოლოდ ტექნოლოგიები არ არის ის, რაც არჩევნების მიმართ ნდობას გაზრდის.
„რადგან ჩვენ არ ვიყავით ჩართული ამ პროცესში, დეტალურად საკანონმდებლო ცვლილებას არ ვიცნობთ, ჩვენც მხოლოდ ეს განცხადება ვიცით, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა. „ისფედს“, ერთ-ერთი რეკომენდაცია გვქონდა, რომ მომავალში ადამიანური შეცდომების გამორიცხვის და პროცესების გამარტივების კუთხით შესაძლოა, ტექნოლოგიებზე გადასვლა, თუმცა რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს დაცული ხმის მიცემის ყველა საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის, ფარულობის და ა.შ. და ამასთანავე, საერთაშორისო რეკომენდაციაა, რომ ეტაპობრივად მოხდეს გადასვლა, მას შემდეგ, რაც გარანტირებული იქნება, რომ რაიმე ტექნიკური ხარვეზი არ მოხდება. არ ვართ ნეგატიურად განწყობილი, თუ დაცული იქნება ყველა საერთაშორისო სტანდარტი და საარჩევნო პრინციპი. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია დაინერგოს, თუმცა რამდენად მოსწრებადია 70%-ზე ეს, რა თქმა უნდა, სამსჯელოა და ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია კონსენსუსი როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის, ასევე ყველა ჩართულ მხარეს შორის. თქვენ იცით, რომ მხოლოდ სამუშაო ჯგუფში იქნა განხილვა ამ პროცესის, მათ შორის, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები არ ვიყავით სწორედ იმიტომ, რომ არ დაგვიშვეს, ასევე, არ იყვნენ ოპოზიციური პარტიები და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის პროცესი არ იყო ინკლუზიური და მხოლოდ მას შემდეგ ექნება პროცესს ნდობა, რაც კონსენსუსი მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის და მათ შორის გათვალისწინებული იქნება სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციები.
მხოლოდ ტექნოლოგიებზე გადასვლა არ ნიშნავს არჩევნების გარანტირებულად კარგად ჩატარებას. მხოლოდ ტექნოლოგიები არ არის ის, რაც არჩევნების მიმართ ნდობას გაზრდის. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენი რეკომენდაციაც არის და მათ შორის, ეს შარლ მიშელის რეკომენდაციებშიც არის, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის საკონსტიტუციო ცვლილების გაგრძელება, რომელიც დაწყებულია იმისათვის, რომ ზოგადად საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.