პოლიტიკა

ნინო ლომჯარია – 8 აგვისტო მოდის და რატომ უკვირთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუღებელია აგრესია თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. მისივე თქმით, თუ დაინახავენ, რომ მსგავსი პრობლემა არსებობს, თითოეულ შემთხვევას გამოეხმაურებიან და დაგმობენ.

ნინო ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს: „დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი როცა ღვივდება, პირველივე დღეს უნდა გამოეხმაუროს სახალხო დამცველი, ჯერჯერობით, მისგან არავითარი განცხადება არ გვესმის“.

როგორც ლომჯარია ამბობს, ქსენოფობიასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ აქვს.

„რა თქმა უნდა, ქსენოფობია აბსოლუტურად მიუღებელია, მით უმეტეს აგრესია თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. თუკი დავინახავთ, რომ  ასეთი პრობლემა არსებობს, თითოეულ ასეთ შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა და გამოეხმაურება, დაგმობს. კობახიძეს კონკრეტული ფაქტები თუ აქვს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მომართოს სახალხო დამცველს და ჩვენ შეგვიძლია, შევისწავლოთ ეს საქმე. ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს ასეთი  მტკიცებულებები და ვერ დავადასტურებ. ჩვენ არ მოგვრიდებია არასოდეს არც ერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის, თუმცა 8 აგვისტო მოდის და ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ იქ, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილი არის და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს უკრაინაში, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როდესაც მათი სახელმწიფო ან მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ ახლა ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება, სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადაიზარდოს არც ერთ შემთხვევაში, უკანონო ფორმებში. სახალხო დამცველი გააკეთებს ყველაფერს, რათა თუ ასეთი საშიშროება დავინახეთ, მოვახდენთ რეაგირებას“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ასევე ნახეთ

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია