პარლამენტის ბიურომ სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა – პარლამენტის გადაწყვეტილებით,დაკომპლექტდა ყველა იმ ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც პარლამენტის დადგენილებით განისაზღვრა, გარდა სამი ქვეყნის: – ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფისა.
პარლამენტის დადგენილებით, აღნიშნული სამი ქვეყნის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების შექმნაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ითქვა, დეპუტატებმა მასში შესვლა არ ისურვეს და ამის გამო ჯგუფები ვერ დაკომპლექტდა.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ“.
„იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტები ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას დაუბრუნდება. ეს შემდგომ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შესაბამისი მეგობრობის ჯგუფები დაკომპლექტდეს. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ამ სამი ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შექმნილიყო, მაგრამ დაკომპლექტებული არ არის.
მანამ სანამ ამ სამი ქვეყნის პარლამენტს ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრული პოლიტიკა ექნება, რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებში ყოფნას ისურვებენ.
ამიტომ ამ სამი ქვეყნის პარლამენტს მოვუწოდებთ, მეგობრობის ფორმატს დაუბრუნდნენ და ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებზე უარი თქვან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.