პოლიტიკა

პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა

83-ხმით ერთხმად – პარლამენტმა, მესამე მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მომავალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება.

მესამე მოსმენით კანონპროექტს მხარი კვლავ არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეგლამენტის პროექტით, ცვლილებები გარდამავალ დებულებებში აისახა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სახალხო დამცველს დროებითად მოქმედი წესით აირჩევენ. 2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლის შემადგენლობაც 9 წევრისგან − სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე, პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან – საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს გამართავს.

რეგლამენტის მიხედვით, შეფასების სამუშაო ჯგუფის მიზანი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასებაა. შეფასების სამუშაო ჯგუფი მხოლოდ იმ პირს არ შეაფასებს, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის ან რომელიც სახალხო დამცველის თანამდებობაზე უკვე იყო.

შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასებს: – კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.

პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია