პოლიტიკა

პარლამენტში ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად კიდევ 5 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის.

 საქართველოს პარლამენტის ცნობით, „დეოლიგარქიზაციის“, სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფებს უხელმძღვანელებს იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ხოლო  საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

პარლამენტის ცნობით, სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ და  საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები.

საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.

ასევე ნახეთ

“ქართული ოცნება” მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ქმნის

 „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, „ოცნების“ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ოცნების“ პარლამენტში დაინიციირდეს კანონპროექტი, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია