“დროას“ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე, „ომი და სანქციები“ დასასანქცირებელთა სიას Georgian Airways-ი და თამაზ გაიაშვილი დაამატეს.
პარტია „დროას“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე საქართველოს ორი მოქალაქის და იურიდიული პირის დამატება ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება ცალკეული პირებისა და კომპანიების დასასანქცირებლად საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას იწყებს.
„უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე – „ომი და სანქციები“ საქართველოს ორი მოქალაქე და ორი იურიდიული პირი დაემატა. საუბარია, თამაზ გაიაშვილზე, „აირზენა საქართველოს“ ავიახაზების მფლობელსა და ერთ-ერთ დირექტორზე, ასევე, მის ძმაზე დავით გაიაშვილზე, რომელიც „აირზენას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ამავე ბაზაში დაემატა „აირზენას საქართველოს“ ავიახაზები, როგორც იურიდიული პირი და კრემლისტი, პუტინისტი ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების მხარდასაჭერად სახელდახელოდ შეიქმნა. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც ევროკავშირთან, ისე შეერთებულ შტატებთან იწყებს კომუნიკაციას იმისთვის, რომ ეს ადამიანები და კომპანიები დაასანქცირონ. ამ ადამიანებს ბრალი ედებათ ომის პერიოდში რუსეთის ეკონომიკურ გაძლიერებაში და ასევე, რუსეთის დახმარებაში, გვერდი აუარონ ევროკავშირის, აშშ-სა და უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს.
დოკუმენტში, ასევე, პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზეცაა საუბარი, კერძოდ, ორ კომპანიაზე, როგორებიცაა „აზიმუტი“ და „რედვინგსი“, რომლებიც ყირიმში სისტემატურ რეისებს ასრულებენ. შეგახსენებთ, რომ „რედვინგსს“ თავის ვებ-გვერდზე აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ისე აქვს მითითებული. პოლიტიკური პარტია „დროა“ თითქმის ერთი წელია საერთაშორისო სანქციების თემაზე მუშაობს.
ჩვენი ამოცანაა, ამ პროცესში სახელმწიფო არ დაზარალდეს, თავიდან ავირიდოთ სექტორული სანქციები, მაგრამ დასანქცირდნენ ადამიანები და ის იურიდიული კომპანიები, რომლებიც საქართველოს ზიანს აყენებენ. აქვე მივმართავ ყველა ფიზიკურ პირსა და ბიზნეს კომპანიას, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ რომ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკური ინტერესების ხარჯზე, ქართველი და უკრაინელი ხალხის სისხლის ხარჯზე გამდიდრდეს, ღალატის არცერთი ფაქტი ყურადღების მიღმა არ დარჩება. ქვეყნის შიგნით პირებიც და საერთაშორისო პარტნიორებიც თითოეულ მოქმედებას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და ღალატის ყველა ფაქტზე შესაბამისი რეაგირება გვექნება“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.