ოცნებამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და ის ძალაში ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ შევა
კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:
• პარტიის შექმნა;
• პოლიტიკური პარტიის წევრობა;
• პარტიის ორგანოს წევრობა;
• პარტიული თანამდებობის დაკავება;
• არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა [პასიური საარჩევნო უფლება];
• არჩეული ორგანოს წევრის/არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა;
• პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
• კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა..
თუ მოსარჩელე მოითხოვს, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება ასევე გამოიწვევს:
• აკრძალული პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას;
• სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას;
• პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას.
რეგისტრაციაზე უარი ეთქმება ისეთ პარტიას, რომლის სიაშიც იქნება ისეთი პირი, რომელსაც პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს. პარტიას, რომელიც სიაში შეიყვანს ასეთ პირს, ჯარიმა დაეკისრება.