იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ პირადად მისთვის არის სრულიად მიუღებელი, მტკიცებულებების გარეშე მსგავსი განცხადება.
ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრო იცავს ყველა ადამიანის უფლებას, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მიიღებენ მსგავსი ტიპის განცხადებას.
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში თითქოს ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერასდროს დავეთანხმები. თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით, პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ ლიდერი ნამდვილად არის საქართველო. ძალიან საინტერესო იქნება, რას ფიქრობს ჩვენი ძვირფასი საზოგადოება იმის თაობაზე, თუ რა არის წამება. ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, გამუდმებით მოვუწოდებთ იმას, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა და საკვები. ეს არის წამება? თუ ის არის წამება, რომ 2300-მდე ვიზიტორი გვყავდა“, – განაცხადა ბრეგაძემ.
„ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩვენ სახელმწიფოს აქვს ღირსება, ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში. იმ ფაქტსაც აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ, რომ ჩვენი დიპლომატები საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბოლო წუთამდე იმყოფებოდნენ კიევში იმ დროსაც, როცა კიევი იბომბებოდა და ეს ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“,-განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.