მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტეს. წასვლის ოფიციალური მიზეზეი ასეთია: მათ სურთ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მაიწოდონ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამაში კი მამრთველი პარტიის ქოლგის ქვეშ ყოფნა, როგორც ჩანს, ხელს უშლიდათ. რა საკითხებთან დაკავშირებით აპირებენ ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატები ე.წ. კულისებიდან ინფორმაციის გასაჯაროებას, ჯერჯერობით უცნობია.
მიხეილ ყაველაშვილი: ”გვექნება თავისუფლება, საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ, დარწმუნებული ვარ, რეალობას საღად შეხედავენ, რომ ყველაფერი კეთდება ქვეყანაში მშვიდობისთვის. ჩვენი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია, რომ მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და არ დავაზიანოთ „ქართული ოცნება“. ”
სოზარ სუბარი: ”ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ. რთული პერიოდია, ყოველ წუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება, ომში ჩაებას, ამის მსურველი ძალიან ბევრია. დღეს იმის გარანტი, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.”
დიმიტრი ხუნდაძე: ”ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს; პრაქტიკულად, ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში.”