ყველა დეპუტატი, რომელიც აპირებს, ხმა მისცეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, იმოქმედებს ქართული კონსტიტუციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ, პარტია „ლელომ“ და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა იმოქმედოს შესაბამისად, რათა შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, პოლიტიკური და სამართლებრივი აქტის განხორციელება საქართველოს პარლამენტში.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ გუშინ აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირებმა საჭიროდ და აუცილებლად ჩათვალეს, სპეციალური განცხადება გაეკეთებინათ ამ კანონთან დაკავშირებით. სამანტა პაუერი, „იუესაიდის“ დირექტორი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, და სხვა განცხადებები, რაც გუშინ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ეუბნება „ქართულ ოცნებას“, რომ ამ კანონის მიღება არის პირდაპირ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის. ამიტომ ვინმემ თუ კიდევ ვერ გაიგო, მინდა, გავიმეორო, რომ ყველა დეპუტატი, რომელიც აპირებს, ხმა მისცეს ამ კანონპროექტს, იმოქმედებს ქართული კონსტიტუციის წინააღმდეგ. ცხადია, საზოგადოებამ, ჩვენმა პარტიამ და ყველა პოლიტიკურმა აქტორმაც უნდა იმოქმედოს შესაბამისად, რომ შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, პოლიტიკური და სამართლებრივი აქტის განხორციელება საქართველოს პარლამენტში, ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.