Breaking News

სალომე ზურაბიშვილი – მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას, ჩვენი ერთიანი მიღწევა

მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, ვისაც არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, დღეს ყველა არის გახარებული, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი, სერიოზული ნაბიჯი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხის მონდომების გარეშე, ის მიღწევა, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია, არ იქნებოდა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა, პირადადაც ვუთხარი, დამირეკა და ვისაუბრეთ, შარლ მიშელს, რომლის ძალიან დიდი წვლილია დღევანდელ დღეში. მისი დიპლომატიური ძალისხმევა იყო ძალიან სერიოზული და ეს ძალისხმევა არამხოლოდ დღევანდელ დღეს, მთელ ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა შარლ მიშელის სახით. საქართველოს ძალიან დიდი მეგობარია და ამისთვის დიდი მადლობა პირადად ვუთხარი თქვენი სახელით. მინდა, დღეს, საჯაროდ ვუთხრა მადლობა ამისთვის. მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას, ჩვენი ერთიანი მიღწევა. ეს არ არის სიტყვები, ერთად ვიყოთ და ყველანი ერთსულოვანი, ეს მართლაც ასეა, რომ არა ერთად, არაფერს მივაღწევდით არასდროს, არც დამოუკიდებლობას ადრე, არც დღეს ამ ნაბიჯის მიღწევას და არც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს თუ ვერ შევიგენით, ჩვენ ამას ვგებულობთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება ისევ. უნდა შევიგნოთ ბოლომდე და გავატაროთ, ვიტყოდი, ყოველდღიურად, რომ ერთიანობა, ერთობა არის ჩვენი უდიდესი ძალა, სხვა დიდი ძალა არ გაგვაჩნია. ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაფერს მიგვაღწევინებს და ასეც ჩანს, რადგან ვერავინ იტყოდა ადრე, რომ ჩვენ ამას მივაღწევდით ასე მალე. ჩვენ ბევრ რამეზე ვოცნებობთ საერთოდ, მაგრამ მიღწევები არ მოდის ასე მარტივად, ჩქარა და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ვინც ვამბობთ დღეს, რომ ერთად მივაღწიეთ ამას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს.

„მადლობა მინდა, ვუთხრა კიდევ უკრაინის პრეზიდენტს, ახლა ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის და ეს არის მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება, რადგან ეს აჩქარებული პროცესი, რომელსაც ვიმსახურებთ სხვა მხრივ სრულიად, მაგრამ ეს აჩქარებული პროცესი, რაც დღეს ხდებოდა ბრიუსელში, ეს არ მოხდებოდა, თუ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და ეს ორწლიანი უსასტიკესი ომი, ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენ, ეს გვევალება როგორც ქართველებს, თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა. მე მინდა, მივულოცო ასევე მაია სანდუს, უძლიერესი ქალი დღევანდელ დღეში, რომელმაც გაუძლო უდიდეს შეტევებს, უდიდეს სირთულეებს ამ პერიოდში, მაგრამ შეძლო და თავისი ქვეყანა მიიყვანა, სადაც არავის სჯეროდა, რომ მიიყვანდა და გაუძლებდა და გაუძლო. ეს მაგალითები არის ის და ასევე ჩვენი ქვეყნის მაგალითი და არანაკლები, მთელს ამ დიდ გავლილ ისტორიულ პერიოდში, ჩვენ ეს ქვეყნები უკრაინა, მოლდოვა, საქართველო ვართ მაგალითები იმის, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ევროპისთვის ბრძოლა, იმ ღირებულებებისთვის, რაც არის ერთიანი ღირებულებები ევროპისთვის და ჩვენთვის ამისთვის ერთგულება და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვზეიმობთ დღეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის დაესწრება ხვალ დაგეგმილ ღონისძიებას.

„პრემიერმა მგონი, გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი ყველასი, მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შეუერთდეთ, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი. მე მზად ვარ, რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა, თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

Check Also

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია