Breaking News

სალომე ზურაბიშვილი – პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას

პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რითაც  საქართველოს პროკურატურის მიერ საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და გამოკითხვაზე პრეზიდენტის დაბარებას გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ მისი გამოკითხვაზე დაბარება „უცნაურად

ემთხვევა“ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ „საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრებაა“.

„მე ახლა პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემ მტკიცებულებებს. არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ არა.

ამ მომენტისთვის, ცესკოში შეტანილია 1100-ზე მეტი საჩივარი. მოთხოვნა შედეგების გაბათილების უშუალოდ 246 უბანს ეხება, რაც თავის მხრივ 400 ათასამდე ამომრჩეველს ეხება. პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული გავლენა თვით არჩევნების შედეგებზე. ყველაზე მთავარი, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხია დასმული, რის შედეგადაც შეიძლება 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობა. ასე რომ, პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას. ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ, რომ გამოჩნდეს ბოლოს და ბოლოს თუ შეუძლია პროკურატურას იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს. შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.

საზოგადოება განიცდის ძალიან დიდ ფრუსტრაციას, ხედავს თუ რა დონეზე იქნა წართმეული ეს ხმები, ამავე დროს მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ ამ ფრუსტრაციას დაემატოს დაძაბულობა, შიშები, თუნდაც ჩემს მიმართ. მადლობელი ვარ, მივიღე ძალიან ბევრი გზავნილები, რომ „ნუ გეშინია“. არ მეშინია და თქვენც ნუ გეშინიათ, ყველაფერი წყნარად იქნება, მშვიდობიანად და უნდა დადგეს ამ არჩევნების რეალური შედეგები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Check Also

ნიკა მელია – არათუ არ დააზიანებს, არამედ სახელმწიფო ინტერესს ატარებს ამ შინაარსის განცხადება, წერილი

კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია