პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძის საქმის “დეტალურ გამოძიება” მოითხოვა.

მისი თქმით, ყველაზე დიდ უბედურება ისაა, რომ ქვეყნის „გენერალური პროკურორი ეფესბეს აგენტი” ყოფილა.

„ბატონმა კახამ [კალაძე] მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება, თურმე, ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც ამას დღეს უნდა იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზეა. მე აქ, თქვენს წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „არანაირი ინფორმაცია და არც არანაირი მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ“ არ შესულა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ის მხრიდან ფარცხალაძის სანქცირებაზე შეერთებული შტატებისგან მტკიცებულებებს არ ითხოვს, რადგან ყველაფერი ნათელია, რომ გამოძიება ახლა სწორედ საქართველოშია ჩასატარებელი.

„აქ ისრების გადატანა არ გამოვა, ნათელი არის სად არის პასუხისმგებლობა. მე იმ დღესვე, ვიდრე წავიდოდი ბაზელში, შევხვდი ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს, რომ გამეგო მათი მხრიდან, რა მონაცემები არსებობდა. მგონი, კარგი იქნება, რომ სწორედ იმ უწყებებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, დროულად გაგვცენ პასუხი. პასუხები, მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს. არავინ არ სთხოვს ამერიკას დღეს, რომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ, მგონი, ყველაფერი ნათელია. გამოძიება აქ არის ჩასატარებელი, აქ არის ის ანგარიშები გასაჩერებელი და ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე“, – დასძინა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო „ევროპის კართანაა მისული“ და ამ პროცესში ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია.

„ჩვენ როცა ვართ მისული ევროპის კართან, ვიცით ყველამ რამდენად გადამწყვეტი იქნება ეს მომენტი, როცა ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, არ ვიტყვი, რომ „ან არ მოგვენიჭება“, მაგრამ თავისით არ მოდის ცხოვრებაში არაფერი და მთავარი გზა, რაც არის დღეს გასავლელი, არის ჩვენი და თქვენი, ერთად გასავლელი და ქვეყნის მიერ გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ნებისმიერი ნაბიჯი, შიგნით ქვეყანაში თუ გარეთ. ყველას აქვს თავისი როლი, იმ სფეროში, რომელშიც ვმოღვაწეობთ, ეს იქნება კულტურა, ეკონომიკა, სამართლებრივი სფერო, საგარეო პოლიტიკა თუ ექსპერტების სფერო. ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი.

მე ვიქნები თქვენთან, ყველგან, სადაც შემიძლია. ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. ყველაზე დიდი როლი შეიძლება მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, რომ სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარია, რომ ყველას, ქვეყანას, საზოგადოებას, უნდა ევროპული მომავალი. სხვა მომავალი არა გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება, რომ სხვა მომავალი იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ, არავინ არ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს, არავინ არ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამას ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს და ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში შედის და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი უმნიშვნელოვანესი იქნება.

„მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება, შეგხვდეთ აქ, სასახლეში. იმედი მაქვს, რომ ეს არ არის, ბოლოჯერ. ვნახავთ, როგორც იქნება, ისე იქნება, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს საშუალება გვეძლევა დღეს. რეალურად დღეს ჩვენ შევდივართ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში. თქვენ წარმოადგენთ იმ სექტორს ჩვენი ქვეყნისა, რომელიც დღეს არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რაც არის გასაკეთებელი. მე ჩემ თავს ვთვლი პირველ რიგში, ხალხის წარმომადგენლად, მოსახლეობის, საზოგადოების და თქვენი ხართ ამ, საზოგადოების აქტიური ნაწილი და გაქვს საშუალება, რომ საზოგადოებას მიაწოდოთ თქვენი ხმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია