პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს.

„რეფორმების ჯგუფის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ომბუდსმენის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით, პოზიციები უფრო და უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებული ომბუდსმენის შერჩევაში იყო გამოყენებული, გარკვეულწილად, ეს მექანიზმი მოგწონს, თუმცა, გვექნება ოპოზიციურ კოლეგებთან კონსულტაცია და მივიღებთ საბოლოო პოზიციას სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც. ერთი რამ ცხადია, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ომბუდსმენის შერჩევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ომბუდსმენი, ფაქტობრივად, ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც სახელმწიფო ქმნის ადამიანის უფლებების დასაცავად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათ, ვისაც დიდი გამოცდილება აქვთ ადამიანის უფლებების დაცვაში, უნდა იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. ჩვენ, ასევე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ომბუდსმენის ინსტიტუტის ინსტიტუციურ გაძლიერებაზეც. შესაბამისად, ამაზე უკვე ვიმსჯელებთ ოპოზიციაში და გვექნება სამუშაო პროცესი. ვფიქრობ, რომ ათ დღეში ჩვენი პოზიციები ფორმირებული იქნება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მსჯელობა გაიმართა, როგორც შესაძლო საკანონმდებლო მექანიზმებზე, რომლებიც კონსენსუსისკენ უბიძგებს ყველა მხარეს, რაც თავის მხრივ დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის გარანტი იქნება, ისე – თავად პროცესზე.

„ევროკავშირმა მკაფიოდ გვითხრა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატებისგან შეარჩიეთ ომბუდსმენი და გამჭვირვალე პროცესი იყოსო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ იქამდეც ჩავიდა ამბავი იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ერჩის დამოუკიდებელ კანდიდატებს. ნინო ლომჯარიასიც სწორედ ის არ მოსწონდათ, რომ ის არ იყო ხელისუფლებაზე ორიენტირებული და არ ასწორებდა თავის პოზიციებს მათ პოზიციებზე. უმრავლესობის გარეშე ახალი სახალხო დამცველი ვერ დაინიშნება. ასევე, ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშეც ვერ დაინიშნება ომბუდსმენი, მაგრამ ჩვენ გვინდა ომბუდსმენი და არა ის, რომ ვინმეს რამე დავუბლოკოთ. ამიტომ, ვმსჯელობთ როგორც შესაძლო საკანონმდებლო მექანიზმებზე, რომლებიც კონსენსუსისკენ უბიძგებდა ყველა მხარეს, იქნებოდა დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის გარანტია, ისე – თავად პროცესზე. ომბუდსმენი – ეს არის სახელმწიფოს მიერ შერჩეული უმაღლესი ადამიანის უფლებების დამცველი, ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ამ სფეროში მსუყედ იყოს გათვალისწინებული იმ ორგანიზაციების მოსაზრებები, რომლებიც მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობენ“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

„ლელოს“ საპარლამენტო მდივნის, ლანა გალდავას განცხადებით, აუცილებელია, რომ სახალხო დამცველის ნომინირებისა და არჩევის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, შეირჩეს დამოუკიდებელი და ადამიანის უფლებადაცვით სფეროში კვალიფიციურ კადრად მიჩნეული კანდიდატი, რომელიც ომბუდსმენის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების გარანტი იქნება.

„საჭიროა, ასარჩევ კანდიდატთან დაკავშირებით, შედგეს კონსენსუსი, რომ ორმხრივი უმრავლესობის მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყოს, რაც, თავის მხრივ, დეპოლარიზაციის მიმართულებით, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ევროკავშირის სტანდარტების დაცვად აღიქმება“, – აღნიშნა ლანა გალდავამ.

ასევე ნახეთ

არჩილ თალაკვაძე – ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა – არა

დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია