საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბერს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება. ამის შესახებ ცესკო-ში განაცხადეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონის შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნა.
აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მათ შორის საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.
აქვე მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთანდაკავშირებით არ ითვალისწინებს. მათ შორის არც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოგზავნილი წერილის საფუძველზე საარჩევნო უბნის გახსნას. აქედან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია დაინტერესებული პირების მხრიდან აღნიშნული თემით მანიპულირება და საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბების მცდელობა.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა და თანაბარი სერვისების მიწოდება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სწორი ინფორმირება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მათ ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობას შეეხება“,- აცხადებენ ცესკო-ში.
ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
„იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. დეტალური ინფორმაცია საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების და მათი მისამართების შესახებ განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ შესაბამისი პროცედურები. არჩევნებში ჩართულ მხარეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხელი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად, ყველა ჩართული მხარის ვალია“,- განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.