თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი.
“ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით თუ რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით. ძალიან მიხარია, ის, რომ რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული. 1 360 795 მგზავრობა, რაც ძალიან კარგია. მხოლოდ ავტობუსებმა გადაიყვანეს 580 816 მგზავრი. მგზავრთა ნაკადის ზრდა გვაქვს მეტროშიც. 23 დეკემბერში მეტროში დაფიქსირდა 527 636 მგზავრ-მომსახურება. 2022 წლის იანვართან და თებერვალთან შედარებით მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე სწრაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველასთვის კომფორტული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული. ეს მონაცემი არის იმის მაჩვენებელი, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა კალაძემ.
მერმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ასევე, წელს და მომავალ წელს ქალაქს ეყოლება 18-მეტრიანი ავტობუსები.