პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს უკრაინა იღებს. მათ 2008 წლის ომი წააგეს არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით.

„სამწუხაროდ, 2008 წელს ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ნაცვლად იმისა, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე, ნაცვლად იმისა, რომ მკაცრი პოლიტიკა ჰქონოდათ რუსეთის მიმართ. ზოგი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვით იყო დაკავებული, ზოგი – სტრატეგიული მილსადენების მშენებლობით, ზოგი კი, ომიდან 2 წლის თავზე წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს მართავდა რუსულ ჯართან ერთად. ალბათ, ჩვენ ზედმეტად პატარა ვიყავით და ზედმეტად განაპირა, თუმცა, 2008 წელს, ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა, ომის გადატანა ევროპის განაპირადან, ევროპის შუაგულში. ახლა ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ისინი ჩასწვდნენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის არსს, ახლა სიტყვები საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია საქმე. საქართველომ თავისი წილი ომისა, უკვე იომა. მესმის, რომ შეიძლება სხვებს ომი არ უნდათ, თუმცა, მათი ვალდებულებაა უკრაინას გვერდში დაუდგნენ, რათა მათ ომი არ წააგონ.

ყოველი ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე. აგრესორი საზღვრებთან ახლოს, თუ საზღვრებთან შორს, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველოს ყოველთვის ჰყოლია. ამიტომ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ისეთი პოლიტიკა ჰქონდეს, რომელიც ქვეყანას აგრესიას აარიდებს. უკრაინის საკითხი, უკრაინის ხალხის და ხელისუფლების საკითხია, მე ვსაუბრობ საქართველოსა და ზოგად პრინციპზე. არის საკითხები, რომლის არიდებაც შეუძლებელია. როდესაც ქვეყანას აგრესიული საგარეო პოლიტიკა აქვს, რთულია წინ აღუდგე. მნიშვნელოვანია აქაც მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით. მნიშვნელოვანია, რომ მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს უკრაინა იღებს. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. ვხედავთ რა მხარდაჭერა აქვს უკრაინას და გვახსოვს მაშინდელი მხარდაჭერა რა იყო. სამწუხაროდ, მაშინ მარტო და პატარა ვიყავით, ამიტომ დავმარცხდით, არანაირი სამხედრო დახმარება არ მიგვიღია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კითხვაზე,  თუ რატომ მიიჩნევს ზოგიერთი ქვეყანა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს ის აცხადებს:

“თარიღები ქვეყნისთვის, რომელიც არის ეპიკურ ომში, რომელიც 1801 წელს დაიწყო, მხოლოდ სიმბოლური შეიძლება იყოს. რაც შეეხება იმ საკითხს, ვინ, რა, როდის დაიწყო და ვინ, რა გააკეთა, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ დაემტკიცებინა 2021 წელს სტრასბურგის სასამართლოში, 2022 წელს ჰააგის სასამართლოში და 2023 წელს კვლავ სტრასბურგის სასამართლოში პირველი, რუსეთი იყო სწორედ აგრესორი. მეორე, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და მესამე, 5 თვის წინ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, რომლითაც დადასტურდა, რომ 2008 წლამდეც რუსეთს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული ჰქონდა. მაშინ ომი არ იყო? 7 აგვისტოს შემდეგ არის მხოლოდ ეს ომი? ჩვენს ომთან დაკავშირებით უცხოელი რას იტყვის, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად რა და როგორ არის. ჩვენ ვიცით, რომ ეს ომი არც 7-ში დაიწყო და არც 12-ში დასრულდა. მანამდე დაიწყო და დღემდე გრძელდება“

ასევე ნახეთ

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია