პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს

შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს, –  უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე თუ ვინ უფრო დიდი მტერია ქვეყნისთვის რუსეთი თუ საქართველოს ოპოზიცია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში კიდევ არიან იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებმაც გათქვეს, რომ ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ჰყავდა, პაპუაშვილის შეფასებით, სწორედ ამ ადამიანების გამო ვერ მიიღო საქართველომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსი.

„შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს და ჩვენ გვყავს, სამწუხაროდ, საქართველოში როგორც პოლიტიკურ, ისე სხვა სეგმენტებში ხალხი, რომლებიც არიან სულიერი შთამომავლები მათი, ვინც თავის დროზე ერეკლეს ზარბაზნების საკითხებზე ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო. ასეთი ჯგუფები საქართველოში დღესაც არიან, ამას ვხედავთ ჩვენ. ეს პერიპეტია მთელი წელიწადნახევარი რაზე იყო და რატომ იყო საქართველო ასეთ მდგომარეობაში?! იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებმაც შეძლეს შარშან ივნისში, რომ შეეფერხებინათ კანდიდატის სტატუსის მონიჭება იმით, რომ შექმნეს ყალბი აღქმები ქვეყანასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ დღესაც ცხვირ-პირი ჩამოსტირით, რადგან ხედავენ, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მოგვენიჭოს. ქართული ციხე, სამწუხაროდ, შიგნიდან ტყდება ხოლმე და როგორც ჩანს, ეს ჯგუფები არიან მსურველები, რომ ციხეს შიგნიდან ძალიან ბეჯითად გამოაცალონ სხვადასხვა საყრდენი იმისთვის, რომ ჩამოანგრიონ ციხის კედლები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამას ცდილობენ ბოლო 11 წელია და თავის მიზანს ვერ აღწევენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ქართული ოპოზიცია სხვადასხვა პოლუსია.

„რა არის ამაში გასაკვირი, რომ რუსეთი რეგიონზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ოკუპაციის საფუძველი სხვა რამე კი არ არის, ეს არის ის, რომ თავისი გავლენები ჰქონდეს რეგიონზე და სწორედ ამიტომ არის ჩვენი მცდელობა, რომ მოვიპოვოთ ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, რომ მოვიპოვოთ ევროკავშირის ეკონომიკის სოლიდარობის ქოლგა. ეს არის მთელი არსი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა ბოლო 11 წლის განმავლობაში, რომ საქართველო მყარად დააკავშიროს ევროკავშირს, იმ სივრცეს, რომელიც არის მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე.

ეს არ არის ისრების გადატანა, ეს არის ორი პოლუსის მქონე საკითხი, ერთ მახრეს არის რუსეთი, მეორე მხარეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია და შუაში არის ქართველი ხალხი, საქართველო. სამწუხაროდ, როგორც რუსეთის, ისე რადიკალური ოპოზიციის და სხვა ჯგუფების მხრიდან ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო არის თავდასხმის ობიექტი, სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა შინაარსით, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მიზანი არის ის, რომ მათ სურთ ქართული სახელმწიფოს დაზიანება და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ სვლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია