ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და რა თქმა უნდა, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურაზე.
მან სხდომის პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 2-3 საათი განცხადებები გრძელდება, შემდეგ ვეტოს საკითხს განიხილავენ.
„ქართველი ხალხის ინტერესია, რომ უცხოური დაფინანსება, რომელიც შემოდის და მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდებს, იყოს ცნობილი – საიდან შემოდის და რაში იხარჯება. ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი და ნება, რომ ეს უფლება თავს არ წაართვას და არ იყოს უცხოელების და NGO-ების კეთილგანწყობაზე დამოკიდებული – ვინ თავისი ნებით გადაწყვეტს გასაჯაროებას და ვინ არ გადაწყვეტს. ეს არის საქართველო, ეს არის საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში, რაც შემოდის უცხოური ფული და იხარჯება ისეთ საკითხებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე ახდენას გავლენას, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ამასთან დაკავშირებით ყველა დეტალი იცოდეს. ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი, ქართველი ხალხის ნება, საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით და რა თქმა უნდა, მათი ნება უნდა აღსრულდეს“ , – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება სხდომაზე ოპოზიციის დასწრებას, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ჩამოუყალიბებელი ხალხია, რომელიც მითითებას გარედან ელოდება.
„რაც შეეხება პროცედურას, დღეს ოპოზიცია კომიტეტზე იყო, არ ვიცი, ხვალ იქნებიან თუ არა სხდომა, ამაზე და რა თქმა უნდა, ამაზეც არის დამოკიდებული. განაცხადეს ბოიკოტი და სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ისევ ბოიკოტში არიან თუ არ არიან, ზოგადად ჩამოუყალიბებელი ხალხია ოპოზიცია. განა თვითონ პოზიციას ვერ იყალიბებენ, ყველა ადამიანს შეუძლია დაგეგმოს თავისი ცხოვრება, მათ შორის პოლიტიკური.[ოპოზიცია ჩამოუყალიბებელია] იმიტომ, რომ ელოდებიან მითითებებს გარედან. ქვეყნის გარედან რომ პარლამენტის წევრები მითითებებს ელოდებიან და ეტყვიან, ბოიკოტში გავიდნენ თუ არ გავიდნენ, ეს ხომ საერთოდ კატასტროფაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.