პოლიტიკა

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს პარლამენტის წევრები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ.

დეპუტატები ეხმიანებიან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემუშავებულ 12-პუნქტიან გეგმას. როგორც დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებაშია ნათქვამი, გეგმაში დეტალურად არის ასახული რეფორმების განსახორციელებლად გადასადგმელი თითოეული ნაბიჯი.

მათივე თქმით, გეგმაზე რადიკალური ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც უნდა გააკეთოს, ამ ძალისხმევას მას მაინც არავინ დაუფასებს და ჩაუთვლის.

„როგორც მოგეხსენებათ, პარასკევს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა კონკრეტული გეგმა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ. გეგმაში დეტალურად არის ასახული რეფორმების განსახორციელებლად გადასადგმელი თითოეული ნაბიჯი, პასუხისმგებელი სუბიექტებისა და განხორციელების ვადების მითითებით.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილმა გეგმამ საბაბიც კი არ დატოვა იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება კანდიდატობის თემას გულგრილად ეკიდება და მიზნის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდით: გეგმის წარდგენის პირველივე წუთებიდან, ოპოზიციისგან და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისგან გვესმის არგუმენტებისგან სრულად დაცლილი საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული გეგმა მათთვის მიუღებელია და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კანდიდატის თემა მათთვის საინტერესო საერთოდ არაა, უფრო სწორად, მხოლოდ იმ კუთხითაა საინტერესო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიენიჭოს. სწორად ამაში ხედავენ ისინი საკუთარ ერთადერთ შანსს, ქვეყანა, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, „წალეკონ“, ანუ არეულობასა და ომში გახვიონ.

გარდა ამისა, წარდგენილ გეგმაზე რადიკალური ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც უნდა გააკეთოს, როგორი ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცვლილებებიც უნდა განახორციელოს, ამ ძალისხმევას მას მაინც არავინ დაუფასებს და ჩაუთვლის.

პირიქით – თითოეული პუნქტი გამოყენებული იქნება როგორც მორიგი საბაბი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის მიერ დადგენილი თითოეული პუნქტი, რადიკალური ოპოზიციის პერსპექტივიდან, რევოლუციური გეგმის 1/12 ნაწილად უნდა განვიხილოთ. ნაციონალური მოძრაობა და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ.

მიუხედავად ჩვენი საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის წარდგენილი გეგმის შესასრულებლად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს.

დასასრულ, აღვნიშნავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არც ახლა აქვს და არც დეკემბერში ექნება. ქვეყნის არევას და ომში ჩათრევას ეს ადამიანები ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვართ, ამაში თავის წვლილს ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯიც შეიტანს“,- აღნიშნულია დეპუტატების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია