პოლიტიკა

თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებენ

პარლამენტის წევრები თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე ინტერპელაციის წესით, საკანონმდებლო ორგანოში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აქუბარდიამ განაცხადა, კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა თუ ნატო-სთან აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოს დღემდე არ აქვს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტები – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგია.

მისი თქმით, ამავდროულად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დამგეგმავი და მაკოორდინირებელი ორგანოს – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში არ ხდება კანონით გათვალისწინებული საკითხების რეგულარული განხილვები, რაც პრემიერის უშუალო პასუხისმგებლობაა.

„გთხოვთ, განგვიმარტოთ, რატომ არ ხდება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტების განახლება? რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის კანონით დადგენილ სამ თვეში ერთხელ მაინც? რამდენადაც სტრატეგიულ დონეზე დოკუმენტები არ გაგვაჩნია, გვიპასუხეთ გაიზარდა თუ არა ქვეყნის საფრთხეები და გამოწვევები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე და რას უპირისპირებს ამ საფრთხეებს თქვენი მთავრობა ან როგორ იყენებს შესაძლებლობებს იქნება ეს ჩვენს რეგიონში, თუ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის კუთხით? ასევე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ, კერძოდ კი 2016 წლიდან მოყოლებული ეროვნული მედეგობის გაძლიერებაში, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში ნატო და ევროკავშირი აქტიურ ძალისხმევას უწევენ საქართველოს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანმა ომმა კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა ამ საკითხებზე აქტიური მუშაობის საჭიროება. გთხოვთ, განგვიმარტოთ, სადაა საქართველო ამ კუთხით, რა ნაბიჯები გადაიდგა თქვენი პრემიერობის პირობებში ეროვნული მედეგობის გასაზრდელად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად?“, – აღნიშნავს აქუბარდია და აღნიშნული კითხვებით მთავრობის ხელმძღვანელს მიმართავს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, დეპუტატების კითხვა ეხება იმას, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, როგორ აფასებს საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ორი ამოცანის შესრულების რეალურ მდგომარეობას? რატომ არის ქართული ოცნების მმართველობის ათი წლის თავზე გაზრდილი საფრთხეების და გამოწვევების ფონზე თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში რადიკალურად შემცირებული.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიიდან ერთი წლის თავზე რა მოიმოქმედეთ, რათა დასავლელ პარტნიორებთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სხვა სტრატეგიული პარტნიორებთან და ნატო, ევროკავშირთან) მჭიდრო კოორდინაციით საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება მომხდარიყო? როდის აპირებთ საქართველოს პარლამენტის No07-3/99, 21.07.2021 რეზოლუციით მოწოდებული დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვის შემუშავებას, ისევე როგორც ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას?“, – ინტერესდება აქუბარდია.

ასევე ნახეთ

არჩილ თალაკვაძე – ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა – არა

დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია