პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე – ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა

ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული იყო ისტორიული რეზოლუცია, რომელიც რეალურად აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმი არის ტერორისტული სახელმწიფო, სჩადის საერთაშორისო გენოციდს და დანაშაულებს უკრაინაში და „ქართულმა ოცნებამ“ ამას ხმა არ მისცა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რეზოლუცია ღიად მოუწოდებს რუსეთს, რომ დატოვოს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიები.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გივი მიქანაძე უწოდებს ორგანიზაციას, სადაც თურმე შეიძლება „შეცურებები“ და დამატებების შეტანა ყოველგვარი განხილვის გარეშე. შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს, რომ ნებისმიერი დამატება, ნებისმიერ რეზოლუციაზე, ხდება პოლიტიკურ კომიტეტზე, რომლის წევრები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის დელეგაციის ხელმძღვანელი და ასევე უმრავლესობიდან ის ადამიანები, რომლებიც ახლა აქ არიან წარმოდგენილი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მოხსენიებულია პოლიტიკურ პატიმრად, ყარა-მურზასთან ერთად, იმ ადამიანთან, რომელიც ებრძვის პუტინს.

„ამ ფაქტს ვერსად წაიღებთ, რადგან 2008 წელს, დიახ, მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია პუტინს და ჩვენ გვახსოვს ყველას პუტინის, ამ ტერორისტული რეჟიმის მმართველის დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. ეს დადასტურებული აქვს არა მხოლოდ ოპოზიციას ან მიხეილ სააკაშვილს, ეს დადასტურებული აქვს, მათ შორის კონდოლიზა რაისს თავის მოხსენებაში და მემუარებში“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ხატია დეკანოიძემ მიმართა უმრავლესობას და აღნიშნა, რომ მათ შეეძლოთ, ცალკე რეზოლუციის შესწორებისთვის არ დაეჭირათ მხარი.

„თქვენ შეგეძლოთ, მარტივად წინააღმდეგ მიგეცათ ხმა იმ შესწორებისთვის, რომელიც რეალურად თქვენ არ მოგწონდათ, შესწორებისთვის, რომელსაც ხელი მოაწერეს არა მხოლოდ ხატია დეკანოიძემ და უკრაინის წარმომადგენლობამ, არამედ 35-ზე მეტმა დეპუტატმა, იმ დელეგაციების წევრებმა, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს, შვედებმა, ინგლისელებმა, ნორვეგიელებმა, ლატვიელებმა. და ასევე, დაგეჭირათ მხარი რეზოლუციისთვის, რათა საქართველოს სახელმწიფოს წარმოჩენა და პოზიცია ყოფილიყო ღირსეული. ამიტომ ვერც ერთი დემაგოგიური განცხადება ვერ გადაფარავს იმ სამარცხვინო პოზიციას, რომელიც იყო ევროსაბჭოში საქართველოს უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი. გულწრფელად ვწუხვარ, რომ შიდაპოლიტიკური გარჩევების გამო, შიდაპოლიტიკური ზიზღის, შურისძიების გამო, დიახ, საქართველოს ეროვნული ინტერესები ზიანდება და მათ შორის ზიანდება საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, დეპუტატმა შალვა პაპუაშვილს მიმართა, „როგორ აპირებს, აუხსნას ყირიმის პლატფორმის მონაწილეებს, რატომ არ დაუჭრა მხარი ევროსაბჭოს რეზოლუციას“.

„ბატონი შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, მიდის ყირიმის პლატფორმაზე, საპარლამენტო ასამბლეაზე. ბატონო შალვა, მე ვიცი, რომ თქვენ იქ გექნებათ მოხსენება და მართლა მაინტერესებს, თქვენს კოლეგებს  რას ეტყვით, რატომ არ დაუჭირეთ მხარი რეზოლუციას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია