პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე – ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან

პროტესტის ფორმები შეიძლება, იყოს ბევრნაირი, ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი. რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს უნდა იყოს არაძალადობრივი პროტესტი და აღნიშნა, რომ ქუჩაში ბევრი ხალხი არის ნომერ პირველი ფაქტორი, რომელიც საბოლოო ჯამში, ცვლის ხელისუფლებას.

„პროტესტი შეიძლება, იყოს არა მხოლოდ სუს-ის ჩახერგვა, რაც ჩვენ გაგვიკეთებია. ერთდროულად, სხვადასხვა ქალაქში სუს-ის ექვსი შენობა ჩავხერგეთ. ეს შეიძლება, გააკეთო 60 მანქანით, რომლის გასუფთავება და იმ ადგილის დაცლას დასჭირდება მეტი დრო. პროტესტის ფორმები შეიძლება, იყოს ბევრნაირი, ფორმების მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ფორმების შინაარსი არის ის, რომ ადამიანებს მოუნდეთ, გაიაზრონ, სად ცხოვრობენ და მოუნდეთ მონაწილეობის მიღება. პროტესტი შეიძლება იყოს ბევრგან და ბევრნაირი. ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ისიც არ არის აუცილებელი, რომ რაღაც კოორდინირებული იყოს ერთი ცენტრიდან. თუ გაიაზრებ, რა წუმპეში ცხოვრობ და გესმის, საით მიექანება ეს ქვეყანა და რა შედეგები შეიძლება დაუდგეს ამ ყველაფრის გამო, მაშინ შეიძლება, პროტესტის ფორმა მოიგონო და ადამიანები თვითონ დაორგანიზდნენ და უამრავი რამ გააკეთონ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, გათვლა უნდა იყოს იმაზე, რომ ეს უნდა იყოს მზარდი პროტესტი და მასში მონაწილეობა სულ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს.

„საბოლოო ჯამში, კულმინაცია უნდა იყოს ისეთი, რომ აიძულოს ხელისუფლება, წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე. მოკლე ფორმულა არის ეს. ეს შეიძლება, დაიწყოს აგვისტოდანაც, სექტემბრიდან. ჩვენ ისე არ ვართ, ორშაბათიდან ვარჯიშს ვიწყებთ. ეს უნდა იყოს არაძალადობრივი პროტესტი. მარტო ძალით შეიძლება, ამათ დაათმობინო ხელისუფლება და მაგ შემთხვევაში, მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს. ქუჩაში ბევრი ხალხი არის ნომერ პირველი ფაქტორი, რომელიც საბოლოო ჯამში, ცვლის ხელისუფლებას.

ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი. მათ შორის შენობების აღებაზეც. არ ვიცი, თუ გინდათ, რევოლუცია დავუძახოთ, რაც გინდათ. ისევ იგივე ადგილამდე მივდივართ, როგორ ვუყურებთ ამ რეალობას. ან მე ვარ გიჟი, ან ჩვენ ერთნაირად უნდა ვუყურებდეთ ამ სიტუაციას, რომ ჩვენ გვყავს უზურპატორი, ვიღაცები გვაზიან თავზე, რომლებსაც მაგის ლეგიტიმაცია არ აქვთ. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყველაფერი არალეგიტიმურია. ამას ან უპირისპირდები, ან არა.

მე მიმართვაში ამით დავიწყე, რომ თუ რაღაც პუნქტებზე ვთანხმდებით, რომ ეს ასეა და ყველა ამას გააზრებულად ვაკეთებთ, მაშინ რავიცი, ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი. რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან. ოპოზიცია თუ ასე გააგრძელებს, რა ფორმაშიც დღეს არის, 2024 წელსაც ვერაფერს ვერ ცდის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია