საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო ფრენების აღდგენას არ მიესალმება.
სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.
ზურაბიშვილის თქმით, “იმ დროს, როცა ყველა პარტნიორი ქვეყანა, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, მთავრობისა და მმართველი გუნდის პოზიცია, გაუგებარია”.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ “ფრენების აღდგენის ნაცვლად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე და პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით”.
“არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!
იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.
ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით – საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.
ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ „გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის.
ამის დაშვება დაუშვებელია!
ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი – სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია. გვჭირდება რეგულაციები – სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში.
ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!“, – აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში.
სერგეი ლავროვის განცხადებას ქართული ოცნების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა “მისასალმებელი იქნება”. კობახიძემ თქვა, რომ რუსეთში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებისთვისაც რუსეთთან პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვანია.
ამავე თემაზე კომენტარი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც გააკეთა და თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაში “ცუდს ვერაფერს ხედავს” და განაცხადა, რომ შეიძლება ეს “კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის”.