ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა. აქტივისტები ირანის ქალაქებში კვლავ აპროტესტებენ 22 წლის მაჰსა ამინის დაკავებას და დაღუპვას.
ორგანიზაცია ირანის ადამიანის უფლებები (IHR) აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
“დადასტურებულია, რომ სულ მცირე 83 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც მოკლეს ირანის პროტესტში” – აცხადებს ორგანიზაცია.
მიუხედავად პოლიციის მხრიდან ძალადობისა საპროტესტო ტალღა არ წყდება თეირანში, ქომში, რაშტში, სანანდაჯში, მასჯედ-ი-სულეიმანსა და სხვა ქალაქებში.
სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პოლიციამ მრავალი “აჯანყებული” დააკავა, თუმცა ზუსტი რიცხვი არაა ცნობილი.
უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ათობით აქტივისტი, სტუდენტი, ხელოვანია დაკავებული. ჟურნალისტების დამცველმა კომიტეტმა კი 29 სექტემბერს განაცხადა, რომ აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 28 ჟურნალისტი დააკავეს.
ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისის თქმით, “არეულობა” 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანის წინააღმდეგ “მტრული დასავლური ძალების” მორიგი ნაბიჯია.
„მტერმა შეცდომა გამოთვლებში დაუშვა, ისლამური ირანის 43 წლის ფონზე წარმოიდგინა, რომ ირანი სუსტი ქვეყანაა, რომელზე ბატონობაც შესაძლებელია“ – განაცხადა რაისიმ სახელმწიფო არხზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირმა მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ ირანს სანქციები უნდა დაუწესოს.
ნორვეგიაში, ოსლოში გამართული აქციის დროს კი ნორვეგიის პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანმა ირანის საელჩოში შეჭრა სცადა. აქციაზე 2-მა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ჯამში 95 ადამიანი დააკავა.