პოლიტიკა

მაჩალიკაშვილი გოგაშვილზე: წერილების ნაცვლად, თუ რამე გააჩნია, დადოს, რატომ მოკლეს ჩემი შვილი

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ შვილის ლიკვიდაციის შემდეგ, მასთან ხშირად დადიოდნენ გომელაურთან, გოგაშვილთან და სუს-თან კავშირში მყოფი პირები.

ნებისმიერი მათი შემოგზავნილი იმ წუთასვე ვიცოდი, ვინ რა სახით იყო მოსული, ვისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, რომ იქ მიეტანათ, გომელაურთანაც და გოგაშვილთანაც. ესენი არიან ქუჩიდან მოკრეფილი ნაძირალათა ჯგუფი, გინდ გომელაურის, გინდ გოგაშვილის, გინდ დანარჩენების, ვინც დღეს სუს-სს მართავს. ამიტომ ვიცოდი ნებისმიერი მოგზავნილი, ქისტი იქნებოდა, ათასი ქისტია მოგზავნილი, ათასი ნაძირალაა მოგზავნილი ქართველების ჯგუფებიდან, აგენტის სახით, ყველას იმ წუთასვე ვშიფრავდი, ამიტომ მე ყველასთან მიზანმიმართულ განცხადებებს ვაკეთებდი, იმისთვის რომ ეს ყველაფერი მისულიყო გომელაურთანაც და გოგაშვილთანაც“, – ამბობს მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილი სუს-ის ყოფილ უფროსს, სოსო გოგაშვილს მოუწოდებს, “წვრილ-წვრილი ინფორმაციების გასაჯაროების ნაცვლად, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა სურს, გამოაქვეყნოს ჩანაწერი, რატომ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი და ვინ არის მთავარი დამნაშავე”.

გოგაშვილს ვურჩევდი ერთ რაღაცას, კანტი-კუნტად წერილების სახით, წვრილ-წვრილი ინფორმაციებით ნუ ასაჯაროებს წერილებს, თუ მას უნდა, რომ წავიდეს ამ სასტიკი ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ, ადგეს და დადოს, რა მოხდა, რატომ მოვიდნენ, ვინ მოკლა, რატომ მოკლა და ვინ არის მთავარი დამნაშავე.

მე ვიცი, რომ როგორც გოგაშვილი, ასევე გომელაურია ამ საქმეში დამნაშავე და ამასაც ვეტყოდი გოგაშვილსაც და გომელაურსაც, რომ მათ თუ ჰგონიათ, რომ ეს საქმე, თემირლანის სისხლი შერჩებათ, აქედანვე მოვუწოდებ, რომ ძალიან სცდებიან, ამიტომ ურჩევნიათ ერთი მეორეზე გადაბრალებას, დადონ, თქვან ის, რაც მოხდა, რატომ მოკლეს, ვინ დაგეგმა, რატომ დაიგეგმა, ვინ არის მთავარი დამნაშავე. ყველამ თავთავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე.

თუ რაიმე გააჩნია ჩანაწერის სახით, ყველაფერი დადოს. ეს ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც კარგი იქნება, დადონ, თვითონ, რაში არიან დამნაშავეები ამ საქმის გარშემო. ვის რა ევალებოდა, ვინ რა დააშავა, ვინ როგორ დააშავა“, – ამბობს მაჩალიკაშვილი.

ამასთანავე, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ მისი მეუღლე 2019 წელს შეხვდა გომელაურს, თუმცა ამბობს, რომ შეხვედრაზე გოგაშვილზე საუბარი არ ყოფილა.

მედიკო მარგოშვილი, ჩემი მეუღლე, დიახ, შეხვდა გომელაურს, ეს იყო 2019 წელს. მან, მედიკომ თვითონ მოითხოვა, რომ შეხვედროდა იმის გამო, რომ გაეგო, რატომ ასეთ განადგურებულ ოჯახს, კიდევ რატომ ანადგურებდნენ. ეს იყო შეხვედრის მიზეზი. იქ საუბარი გოგაშვილზე, იმაზე, გოგაშვილი რამდენად დამნაშავეა, ან რა გააკეთა, აბსოლუტურად საუბარი მედიკოს არ ჰქონია“, – ამბობს მაჩალიკაშვილი.

სუს-ის ყოფილმა უფროსმა სოსო გოგაშვილმა დღეს ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. წერილში ის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც საუბრობს.

გოგაშვილის თქმით, გომელაური საიდუმლოდ შეხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, მედიკო მარგოშვილს და “განიზრახა თავის დაძვრენა, უარესიც, გამწარებულ ოჯახთან გაგზავნა ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდიდა ფულს და დაავალა გოგაშვილის წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა გოგაშვილის მიერ იყო ჩადენილი”.

ასევე ნახეთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს

23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება, ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია