პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პროდუქტებზე გაზრდილ ფასებსა და ქვეყანაში შემოსული დივერსიული ჯგუფების გამო „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნაზე ისაუბრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხრა მილიონის გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ჩართვა კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად მოხდა.

„მინდა, გამოვიცნოთ, რა არის საერთო პრეზიდენტ იუშჩენკოს, პრეზიდენტ კაჩინსკის, ვარცლავ ჰაველისა და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომლებიც მე ჩამოვიყვანე და პროკურორებმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს. ისინი ყველა ძალიან აღიზიანებს ვლადიმერ პუტინს“, – განაცხადა სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვისას.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში საკვები პროდუქტები გაძვირებულია.

„ხარჯებს რაც შეეხება, ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფოს ფული, ვიდრე ცხრა წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის. ყველამ იცის, რომ დაცინვაა, რაზეც აქ არის საუბარი. ახლა ოპოზიციას ალაპარაკებენ იმაზე, რომ სხვა ოპოზიციონერებს სულაც არ უნდათ ევროკავშირის სტატუსი. პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია და ევროკავშირს უწევს ცხვირზე ხელის მოჭერა, სიმყრალის არშემჩნევა და ასე მოცემა ამ სტატუსის, მაგრამ ეს პრობლემები არსად წავა. ეს პრობლემები პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რასაც დღეს ვიხილავთ. ამასობაში როგორ გაუჭირდა ხალხს, 20-25 ლარი ღირს ხორცი, ლობიო გაიზარდა რვა ლარამდე, როცა ჩვენს ხარჯებზე და პრეზიდენტის მიერ გაწეულ ხარჯებზე ვლაპარაკობთ. ბურღულეული გაიზარდა ორიდან ხუთ ლარამდე, წიწიბურის ფასი – რვა ლარამდე, როცა მთელ მსოფლიოში დაიკლო ფასმა. ეს ყველაფერი ხდება და ამასობაში პრეზიდენტი იუშჩენკოს აბანოს მომსახურების თემებზეა დღეს ლაპარაკი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანა საფრთხის ქვეშ იმყოფება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რის გამოც „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნა სურს.

„დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებული. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დიდი საფრთხის ქვეშ. იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ. მინდა, შევქმნათ „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დარეკავს და შეგვატყობინებს იმის თაობაზე, რომ ანტიქართული გამოხატულებები აქვთ. ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში აქ ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას, ყველა საეჭვო სპორტული აღნაგობის ჯგუფს, რომელიც არის ამ ხალხს შორის. ასი ათასზე მეტია ეს ხალხი. ჩემი ინფორმაციით, დივერსიული ჯგუფი შემოსულია ძალიან ცუდი განზრახვებით. ისინი არინ შეიარაღებული, იმართებიან რუსეთის არმიის პირველი მთავარი სამმართველოს მიერ. ამ ვითარებაში, როგორც არასდროს, გვჭირდება კოორდინაცია პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩვენს ხალხთან და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე ნახეთ

საქართველოს პროკურატურა – თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ევროპელი მოსახლეობისგან მიღებული, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე

საქართველოს  პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შპს მორგან ლიმიტედის სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია