პოლიტიკა

მორიგი გამამართლებელი ვერდიქტი ნაფიცი მსაჯულებისგან

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, სულხან კომახიძემ და ამავე ბიუროს ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე, თორმეტივე ნაფიცი მსაჯული დაარწმუნეს ბრალდებულ ბ. კ.-ს უდანაშაულობაში და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებინეს. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების ბიურო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრალდების მხარემ 2021 წლის დეკემბერში მიმართა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს და მოითხოვა ბ. კ.-ს ინტერესების დაცვა (სავალდებულო დაცვა – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად), რადგან მას ბრალი წარედგინა ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას განეკუთვნებოდა.

„სახელმწიფო ბრალდება ბ. კ.-ს ბრალს დებდა 2014-2017 წლებში გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში და სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ბ.კ.-ს 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

საზოგადოებრივი ადვოკატები თავიდანვე ჩაერთნენ ბენეფიციარის ინტერესების დაცვის საქმეში. მათ სასამართლოს წარუდგინეს 2 მოწმე, რომლებიც ბრალდების მხარის საწინააღმდეგო ვერსიას ამტკიცებდნენ და გამორიცხავდნენ ბ. კ.-ს მიერ ძალადობრივი ქმედების განხორციელებას.

ბრალდების მხარის მოწმეების, მათ შორის, ფსიქოლოგის კრიტიკული ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ, ადვოკატებმა ნაფიც მსაჯულებს გამამართლებელი ვერდიქტის მიღება მოსთხოვეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა უპრეცედენტოდ მოკლე დროში, ერთხმად მიიღეს გამამართლებელი ვერდიქტი და ბ.კ. უდანაშაულოდ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში.

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფოს ხარჯზე ახორციელებს გადახდისუუნარო და სავალდებულო დაცვას დაქვემდებარებული პირების დაცვას სამართლის სხვადასხვა დარგის მიმართულებით. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მონაწილეობით არაერთ საქმეზე გადაწყდა დავა სამსახურის დასაცავი პირის ინტერესების სასარგებლოდ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

სუსი – სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია