ნარკორეალიზატორების – ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულებს, მათ შორის,ადვოკატებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
ასევე, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებისა და ძებნაში მყოფი პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელეს.
პროკურატურა საქართველოს, ბულგარეთისა და თურქეთის მოქალაქეების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
დაკავებულებიდან ორი პირი – მანუჩარ ზოიძე და ასლან ფუტკარაძე აჭარაში მოქმედი ადვოკატები არიან, ერთი პირი კი, მეჰმედ ჩითლაქი თურქეთის მოქალაქეა. ცნობისთვის, ძებნაში მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელ და საქართველოში დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) და სსკ-ის 194-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვადასხვა დროსა და ადგილზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელი, ჯგუფის 2 წევრი და ე.წ. 16 „დამდებია“ მიცემული. გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2023 წლებში განხორციელებული ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სპეციალურად გახსნილ ქართულ საბანკო ანგარიშებზე ათასობით ტრანზაქციად ნარკოტიკული საშუალების შემძენებმა ჯამში 15 233 071 ლარი, 2 577 004 აშშ დოლარი და 10 210 ევრო ჩარიცხეს. თურქეთის 3 და საქართველოს 13 მოქალაქის – ე.წ. ,,დამდების“ ანგარიშებზე ჯამში 1 251 125 ლარი და 329 750 აშშ დოლარი გადაირიცხა. დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული თანხის დიდი ნაწილი, გარკვეული პერიოდულობით, წარმოშობის წყაროსა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირდებოდა. ამასთან, ორგანიზებულმა ჯგუფმა საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონების შეძენაც დაიწყო. მათ საქართველოში რამდენიმე იურიდიული პირი დააფუძნეს და განაღდებული თანხის ნაწილს ერთ-ერთი შპს-ს ანგარიშზე ათავსებდნენ, როგორც ,,დამფუძნებლის შენატანი“ და უძრავი ქონების შესაძენად წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე რიცხავდნენ. ბათუმში მდებარე სამი მშენებარე საცხოვრებელი ბინის შესაძენად ჯამში 110 314 ლარი გადაირიცხა. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი თანხებით, პირადი სარგებლობისთვის საქართველოში 2 ავტომანქანა შეიძინეს.