სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ბრალდებულ ესკორტის ოფიცერ ვალერი გოზალიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე გოზალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მის 5 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
პროკურორის განმარტებით, გოზალიშვილი გადაადგილდებოდა სამსახურებრივი, საშტატო იარაღით იმ ფლიგელში, სადაც განთავსებული იყვნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. მისივე თქმით, გოზალიშვილმა არ შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, რამაც საკმაოდ მძიმე შედეგი გამოიწვია.
ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებული,სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი ვ.გ. წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი – საშტატო იარაღით. გარდა აღნიშნულისა, მან იქვე დერეფანში მყოფ პატიმარს არ მიუთითა, შესულიყო მისი განთავსების პალატაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა აღნიშნული სივრცე. ბრალდებულმა, ასევე არ განახორციელა ვიზუალური კონტროლი პატიმრის მიმართ, რომელიც მიეპარა მას და საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც სამი გასროლა განახორციელა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ჭრილობა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.
ესკორტის ოფიცერი ვალერი გოზალიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.