საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა გროგოლ ნიშნიანიძემ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
როგორც მან შუამდგომლობაში განმარტა, ვინაიდან მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა და მოწმეთა ხელახალი დაკითხვა იწყება, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისგან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ეს პოლიტიკური შეკვეთაა. ადვოკატს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას მისი გათავისუფლების შიში გაუჩნდა.
ბექა ბასილაიამ მოსამართლეს დასაბუთება სთხოვა, თუ რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება.
“რით დასაბუთდება, რომ სააკაშვილი მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს? იცით, ხომ რომ “ვივამედშია” მოთავსებული. აივნიდან გადასძახებს, თუ ადვოკატებს დაგვავალებს? თუ მედპერსონალი, ბადრაგის თანამშრომელი ჩაიდენს ამას? პალატაში მიიმალება?”- განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს არც ერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.