პოლიტიკა

სასამართლომ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბექა ლატარიას 20, ბიძინა ხასიას – 17, ხოლო ლევან რაჯავის 4 – წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებულები – ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბექა ლატარიას მკვლელობის ნაწილში მაქსიმალური სასჯელი 17 წელი მიესაჯა, 3 წელი კი მანამდე არსებული პირობითი მსჯავრი დაემატა. ბიძინა ხასიას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლევან რაჯავის კი პოლიციელების წინააღმდეგობის გაწევის გამო, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბექა ლატარიას სასჯელი 109 მუხლის მეოთხე ნაწილის ე ქვეპუნქტით, ასევე 236 მუხლის მეექვსე ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამო მიესაჯა.

ლევან რაჯავი 353 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 265 მუხლით გამტყუნდა.

ბიძინა ხასია კი 256-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ა ქვეპუნქტით, 19 353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, 236 მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილითა და 109 მუხლის ე ქვეპუნქტით.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბრალდებულმა ბექა ლატარიამ მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა, რასაც დარბაზში მყოფების ხმაურიც მოჰყვა.

რაც შეეხება აღნიშნულ საქმეში ბათუმის ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საკითხს, ვეფხვაძის განცხადებით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

,,აღნიშნულ ფაქტზე გამოყოფილია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად ყველა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდა.

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია