პოლიტიკა

სახალხო დამცველი – თანადგომას ვუცხადებ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს, გამოვთქვამ მზადყოფნას, სურვილისა და მომართვის შემთხვევაში შევისწავლოთ მათი ინდივიდუალური საქმეები

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს, რაც ამ გახმაურებას მოყვა“.

„სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს – მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოების წევრების და, განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციას და დამატებით სოციალურ ბარიერს უქმნის, რომ მომავალში საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე ისაუბრონ და მიმართონ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს.

ამავე დროს, სახალხო დამცველს სურს, ყურადღება გაამახვილოს ამ მოვლენების მედიაგაშუქების საკითხზე. სახალხო დამცველი თემის მნიშვნელობისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და გაითვალისწინონ საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულება, რომელიც მაუწყებლებს ავალდებულებს, მიიღონ ყველა ზომა ეთერში გაჟღერებული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდება სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობით, რომელიც, კერძო პირის განცხადებით, ცრუ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

სახალხო დამცველი ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჟურნალისტთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ევროკომისიამ “ტიკ-ტოკის” წინააღმდეგ ფორმალური გამოძიება დაიწყო, შეისწავლიან პლათფორმაზე არის თუ არა საკმარისი ზომები ბავშვების დასაცავად

ევროკომისიამ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ წინააღმდეგ ფორმალური გამოძიება დაიწყო. სააგენტო „როიტერის“ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია „ციფრული მომსახურების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია