პოლიტიკა

შსს-მ, მარტის აქციების დროს, პოლიციელზე ცეცხლის წაკიდების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა 7-9 მარტის აქციების ერთ-ერთი მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. შსს -ს ინფორმაციით, მამაკაცი აქციაზე პოლიციელებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მამის მიმართ ძალადობის მუხლით ნასამართლევი ლაზარე გრიგორიადისი ელენე ხოშტარიას პარტიის წევრია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.გ.-მ მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა.
ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

7,8,9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინვე დაიწყო და გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ასევე ნახეთ

სუსი – სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია