იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. ამას გარდა, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.
ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, დაიწყო მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს წარმოჩენას ისეთ სახელმწიფოდ, სადაც თითქოს ვინმეს აწამებდნენ.
„საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც განუხრელად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ყველა უფლების სადარაჯოზე. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ ეგუება საქართველოს წარმატებას და მოქმედებს მიზანმიმართულად, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
მსჯავრდებულ სააკაშვილის შემოსახლების პირველი დღიდან დაიწყო გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ საქართველო წარმოჩენილიყო ისეთ სახელმწიფოდ, რომელშიც თითქოს ვინმეს აწამებდნენ. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, მსჯავრდებული წაექეზებინათ, რომ ჰქონოდა შიმშილობის 4 ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმების რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და შესაბამისად, გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით, თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში, სამართლებრივი დავა საქართველოში, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდადებული სააკაშვილის დაცვის მხარისთვის დასრულდა არასასურველი შედეგით. შემდგომში მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და საბოლოოდ მოითხოვეს დროებით ღონისძიებად მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა.
დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ვარშავაში გადაყვანაზე უარი ეთქვა. ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებასთან. სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველას ღირსეულ თანამშრომელს, რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს, ასევე განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მიუხედავად, განუხრელად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვალეობას და და ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე“,-განაცხადა ბრეგაძემ.