პოლიტიკა

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ – თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის 11 თვის შედეგების მიხედვით, კანონი არასრულფასოვნად სრულდება და მუდმივ კონტროლს საჭიროებს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგის 11 თვის შედეგების მიხედვით, კანონი არასრულფასოვნად სრულდება და მუდმივ კონტროლს საჭიროებს.

როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აღნიშნავენ, საინფორმაციო პოლიტიკის უქონლობის შედეგად, ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის ერთი ნაწილი სტუმრების გულისმოსაგებად ცრუობს, რომ დახურულ სივრცეში ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს მოწევა ნებადართულია.

„მოსახლეობას სჭირდება თამბაქოს კონტროლის რეგულაციების მუდმივად შეხსენება, რაც საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურებით, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უნდა ხდებოდეს. თუმცა, 2022 წელს აღნიშნული პროგრამა ჩავარდა ან ჩააგდეს. როდესაც თამბაქოს ინდუსტრიას დიდი გავლენა აქვს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში, არ გამოვრიცხავთ, თამბაქოს კონტროლის საკომუნიკაციო პროგრამის მარცხიც მათი გავლენის შედეგი იყოს. სხვანაირად აუხსნელია ბიუჯეტში მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველსაყოფად თანხებს ითვალისწინებდე და შემდგომ, უცნობი მიზეზების გამო, ტენდერს არ ატარებდე ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც მოსახლეობას მუდმივად გაანათლებს, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარებით მოსალოდნელ საფრთხეებს დაანახებს და შეახსენებს რეგულაციებს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების გარანტიაა.

საინფორმაციო პოლიტიკის უქონლობის შედეგად, ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის ერთი ნაწილი სტუმრების გულისმოსაგებად ცრუობს, რომ დახურულ სივრცეში ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს მოწევა ნებადართულია. კანონში გარკვევით წერია და თავის დროზე, ჯერ კიდევ კანონის აღსრულების დაწყებამდე კაფე-ბარების და რესტორნების მეპატრონეებსა და ადმინისტრატორებს სხვადასხვა ფორმით ეცნობათ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა აკრძალულია“, – აღნიშნავენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

მათივე განცხადებით, საინფორმაციო პოლიტიკის უქონლობის შედეგია სტადიონებზე არსებული განუკითხაობაც.

„ფეხბურთის საერთაშორისო თამაშები თუ არ იმართება (სადაც ფიფა და უეფა კატეგორიულად მოითხოვენ, მათ ტურნირებზე სრულად იკრძალებოდეს თამბაქოს მოხმარება), საშინაო შეხვედრებზე სტადიონები მოწევის აკრძალვის რეგუალაციას უგულვებელყოფენ. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონი ორჯერ დავაფიქსირეთ, როგორც მოწევის რეგულაციების დამრღვევი ორგანიზაცია. მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც თამბაქოს კონტროლის რეფორმები დიდი ხანია, მოქმედებს, სტადიონზე მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა შეიძლება, მოწევა კატეგორიულად აკრძალულია. იმის ნაცვლად, რომ საინფორმაციო პოლიტიკას ხელს უწყობდნენ, სამწუხაროდ, მოწევის რეგულაციების დამრღვევთა შორის კვლავ ფიქსირდებიან სამედიცინო დაწესებულებები. ნოემბერში, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ დააჯარიმა კლინიკა „ინოვა“, სადაც არც მოწევის ამკრძალველი ნიშნები იყო გამოკრული და შენობაშიც თამბაქოს კვამლის მძაფრი სუნი იდგა.

თამბაქოს მოიხმარენ კომერციული ორგანიზაციების ოფისებშიც, საიდანაც შეწუხებული მოქალაქეები ან ორგანიზაციაში დასაქმებული პირები კონფიდენციალურად გვთხოვენ, დავეხმაროთ. თუ ფაქტზე რეაგირებით საპატრულო პოლიციას მოქალაქეები არ დაეხმარებიან, სრული მონიტორინგი გაგვიჭირდება, რადგან კომერციული ორგანიზაციები ხშირად უარს ამბობენ შენობაში ჩვენი მონიტორების შეშვებაზე. მოწევის დარღვევის ფაქტებზე დარეკეთ საპატრულო პოლიციაში და მოითხოვეთ კონფიდენციალურობა. ამის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. მოქალაქეთა დიდი ნაწილი ვიდრე არ ჩაერთვება კანონის აღსრულებაში, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მონიტორინგის ფიზიკურ (რაოდენობრივ) და ფინანსურ გაძლიერებაზე.

2023 წლიდან ადრეულ ეტაპზევე უნდა დაიწყოს საკომუნიკაციო პროგრამის მოქმედება, რათა მოსახლეობა მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციით თამბაქოს კონტროლის რეფორმების მნიშვნელობისა და მოწევის რეგულაციების შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, ყველა დაწესებულებების შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში გაიკრას მოწევის ამკრძალავი ნიშნები და სამასპინძლო ბიზნესმა დაიმახსოვროს, რომ დახურულ სივრცეში არა მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის, ჩილიმის მოწევაც აკრძალულია. დღეს მოწევის რეგულაციის დამრღვევი სამასპინძლო ობიექტების მეტი წილი სწორედ ჩილიმის გამო ჯარიმდება. თბილისში, შარდენის ქუჩაზე ერთ დღეს 15 ობიექტი ჩილიმის მოწევის გამო დაჯარიმდა.

მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში, დაწესებულებებში მეორადი კვამლის გაზომვაც დავიწყეთ. სამწუხაროდ, გარე სივრცეში განთავსებული მოსაწევი ადგილები იმდენად ახლოს არის შესასვლელ კართან, რომ შენობების უმრავლესობაში თამბაქოს კვამლის ბუღი დგას.

ვიმედოვნებთ, 2023 წელს ხელისუფლების პრიორიტეტი მართლაც იქნება საზოგადოების ჯანმრთელობასა და ინტერესებზე ზრუნვა და ინტენსიური საინფორმაციო პოლიტიკის გატარებით და გაძლიერებული მონიტორინგით, შევძლებთ, საზოგადოებამ მაქსიმალურად დაცულ გარემოში იცხოვროს“, – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

ასევე ნახეთ

სუსი – სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია