პოლიტიკა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის დეტალებს ჰყვება.

წიქვაძის თქმით, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში ივანიშვილთან დაახლოებულ პირი იყო და მისი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეისწავლა, რაც კითხვები გაჩნდა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობით მიმდინარე „მტკვარი ჰესის“ პროექტისა და თავად ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ.

„საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე წარმოვადგენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის, ინტერესებს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და საკითხის ირგვლივ გაკეთებული ზოგიერთი შეფასების საპასუხოდ, მსურს, ყურადღება გავამახვილო საქმესთან დაკავშირებით არსებულ გარკვეულ გარემოებებზე.

პირველ რიგში, ორიოდე სიტყვით შევეხები ჩემს მარწმუნებელსა და ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებულ ურთიერთობებს. ჯერ კიდევ ბრალდებულის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების პერიოდში, მისი ოჯახის წევრის (დედის) თხოვნის საფუძველზე, ჩემმა მარწმუნებელმა უზრუნველყო გიორგი ბაჩიაშვილის დასაქმება მის კუთვნილ სტრუქტურაში. ამ დღიდან მოყოლებული, ბრალდებული დაახლოებით, 13 წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტობრივად მხოლოდ ბატონი ივანიშვილის კუთვნილ სტრუქტურებში, მათ შორის 2019 წლის აპრილამდე იგი იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, ხოლო შემდგომ გადაინაცვლა ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამგვარად, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩემს მარწმუნებელთან ძალიან დაახლოებულ პირს, რომელმაც მიიღო პიროვნული თუ პროფესიული განვითარების საუკეთესო პირობები და შესაბამისად, ბატონ ივანიშვილთან არსებულ საქმიან ურთიერთობებში სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით.

სწორედ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას, 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა ბიზნეს წინადადებით. კერძოდ, მისი განმარტებით, თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში.

შეთავაზებული ბიზნეს წინადადება საინტერესო აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისათვის. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ სრულად ენდობოდა გიორგი ბაჩიაშვილს, დათანხმდა მის წინადადებას და გადაწყვიტა ბიტკოინების მაინინგში 5 (ხუთი) მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება.

ბიძინა ივანიშვილს სურდა საინვესტიციო თანხის მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებიდან გაცემა. თუმცა, გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, თანხის ინვესტირება უნდა მომხდარიყო რამდენიმე ეტაპად, რისთვისაც საჭირო იქნებოდა თანხის ეტაპობრივად მისთვის გადაცემა და უფრო მეტი მოქნილობისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნია საინვესტიციო თანხის გაცემა სს ,,ბანკი ქართუს“ მეშვეობით მის კომპანიაზე. გიორგი ბაჩიაშვილის არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, ინვესტორის შეწუხების (რომელსაც მისივე განმარტებით გააჩნდა მცირე დრო, ბევრი სხვა საკითხი განსახილველი და მასთან მოხვედრაც კი ხშირად ობიექტურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული), მასთან წინასწარი და ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე, შეძლებდა ბანკიდან დამოუკიდებლად განეკარგა საინვესტიციო თანხები. ბიძინა ივანიშვილიდაეთანხმა აღნიშნულს და გიორგი ბაჩიაშვილისათვის 5 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფის დავალება მისცა იმჟამად სს ,,ბანკი ქართუს“ (რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეც თავად იყო და ამ თვალსაზრისით, იცვლებოდა მხოლოდ საინვესტიციო ფულადი სახსრების გაცემის ფორმა) გენერალურ დირექტორს ნატო ხაინდრავას.

მიღებული დავალების შესაბამისად, 2015 წლის აგვისტოში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შეთავაზებულ და მის მიერ კონტროლირებად უცხოურ კომპანიას სს ,,ბანკმა ქართუმ“ გამოუყო 5 მილიონი აშშ დოლარი სესხის ფორმით. ბანკის მიერ გაცემული სესხი იყო საბლანკო ანუ არაუზრუნველყოფილი, ხოლო მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხით.

შესაბამისად, უდავოა, რომ რეალური ინვესტორის მახასიათებელი/განმსაზღვრელი ყველა ქმედება (როგორც ფულადი სახსრების მოძიება/მიწოდება, ასევე თავდაპირველად არაუზრუნველყოფილი სესხის ფორმით წარმოშობილი ვალდებულების სრული უზრუნველყოფა პირადი სახსრებით) განხორციელებულია ჩემი მარწმუნებლის მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნეს წინადადებიდან გამომდინარე სრული რისკის ამღები და მატარებელი გახლდათ ბატონი ივანიშვილი. პროექტი რომ არ ყოფილიყო მომგებიანი და ეჭვქვეშ დამდგარიყო სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი, ამ შემთხვევაში სწორედ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისპირადი სახსრებიდან მოხდებოდა დავალიანების დაფარვა და არა ბრალდებულის კუთვნილი ქონების ხარჯზე. აღნიშნული კი სრულიად შესაძლებელი გახლდათ, ვინაიდან პროექტი იყო უაღრესად რისკიანი და ძალიან მაღალი ალბათობა არსებობდა მასში ინვესტირებული ფულადი სახსრების დაკარგვისა. აქედან გამომდინარე, იბადება რიტორიკული კითხვა, თუ ბაჩიაშვილს საკუთარი თავი მიაჩნდა ინვესტორად და რისკის ამღებ პირად, რატომ არ მოახდინა თავიდანვე კრედიტის უზრუნველყოფა მის (პირადად მისი, მისი კომპანიების ან ოჯახის საკუთრებაში არსებული) საკუთრებაში არსებული ქონებით?! ცხადია, პასუხი მარტივია – იგი წარმოადგენდა არა ინვესტორს, არამედ ახორციელებდა პროექტის ტექნიკურად შესრულების მენეჯმენტს.

თანხის ინვესტირებიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ, ჩემს მარწმუნებელთან კომუნიკაციისას, გიორგი ბაჩიაშვილმა გამოთქვა შეშფოთება კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო. მან შეძლო ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციის გზით მოეხდინათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება, ვინაიდან, მისივე განმარტებით, იმ მომენტისათვის გამომუშავებული ბიტკოინების ღირებულება მხოლოდ აღნიშნულისათვის იქნებოდა საკმარისი (უფრო ზუსტად კი, ბატონი ბაჩიაშვილი აცხადებდა, ეგებ ის მაინც მოვახერხოთ, რომ ინვესტირებული თანხები ამოვიღოთო). ბატონ ივანიშვილს, ერთის მხრივ, სრული ნდობა გააჩნდა ბრალდებულის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, თავიდანვე იცოდა, რომ პროექტი უკიდურესად რისკიანი იყო. უხეში მაგალითის სახით, რისკის ხარისხი სამორინეში კონკრეტულ ციფრზე ფსონის დადებასაც კი შეიძლება შევადაროთ. შესაბამისად, ინვესტიციის დაკარგვის ალბათობა იყო ძალიან მაღალი. ეს შესაძლოა ისეთი უკიდურესი და მძიმე ფორმებითაც კი მომხდარიყო, როგორიცაა კონკრეტული კრიპტოვალუტის მიმოქცევიდან ამოღება/მისი სტატუსის გაუქმება (ამგვარი მსჯელობები, იმ პერიოდში, საკმაოდ აქტუალური იყო). სწორედ ეს გარემოებები გახდა საფუძველი ბატონი ივანიშვილის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემისა.

მართლაც, შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში დააბრუნა ბანკიდან სესხის ფორმით მიღებული 5 მილიონი დოლარი, ხოლო დაახლოებით, ერთი წლის შემდგომ, ნატო ხაინდრავას ხელზე გადასცა 536 900 დოლარი, რომელიც მისივე განმარტებით, დარჩენილი იყო ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ, მაინინგის შედეგად გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხიდან.

იმჟამად გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში, ინვესტირებული ფულადი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ (რის შესახებაც ქვემოთ დეტალურად მოგახსენებთ და რაც ცხადყოფს, თუ რატომ მოხდა ბატონი ბაჩიაშვილის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ინვესტორის მხრიდან რეაგირება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდგომ), ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით.

შედეგად აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, რაც დასტურდება ელემენტარული გამოთვლებითაც კი (ამ ნაწილში საზოგადოებას თავს არ შევაწყენთ კონკრეტულ ციფრებზე საუბრით).

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, აღნიშნული ფაქტი, ჩემი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა კითხვები საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (რომლის ერთადერთ ინვესტორს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) მიერ დაფინანსებულ ,,მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით.

2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტი – მტკვარი ჰესის მშენებლობა წამოიწყო. აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო და 2014 წელს მშენებლობის განახლების მიზნით საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა.

პროექტის მშენებლობას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის აპრილამდე იკავებდა, ხოლო შემდგომ პერიოდში გახლდათ ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად პროექტი დღემდე დასრულებული არ არის. აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას. ფაქტობრივად გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში, „მტკვარი ჰესი“ იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში.

ცხადია, აღნიშნულმა გარემოებამ გააჩინა ეჭვები პროექტის და ზოგადად ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ. ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ანუ რომც არ ყოფილიყო სახეზე კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ჩემს მარწმუნებელს განზრახული ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ჰესის საკითხთან დაკავშირებით და აფრთხილებდა კიდეც ბრალდებულს რომ პასუხისმგებლობა არ ასცდებოდა.

სწორედ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა. არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე ჩემი მარწმუნებლის ინფორმაციით საზღვარგარეთაც), რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, გიორგი ბაჩიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტობრივად მხოლოდ ჩემი მარწმუნებლის კუთვნილ სტრუქტურებში და მისი ძირითადი შემოსავლების გენერირება სწორედ აქ ხდებოდა.

ამდენად, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლოგიკურია ჩემი მარწმუნებლის ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხებით, ასევე შესაძლოა “მტკვარი ჰესის” მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებით.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად გვევლინება საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კრიპტოპლათფორმის/კრიპტობირჟის ძირითად ბენეფიციარ მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს სხვადასხვა იურიდიული პირების მეშვეობით. არსებობს ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სწორედ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო ამ ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისათვის.

ვფიქრობ, საზოგადოებას ნათლად განვუმარტეთ ის გარემოებები/საფუძვლები, რის გამოც ბატონი ივანიშვილი იძულებული გახდა რომ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის.

აქვე მოკლედ შევეხებით ბოლო დღეებში გავრცელებულ აბსურდულ ბრალდებას, რომ თითქოს, ჩემი მარწმუნებლის მხრიდან მისი დარღვეული უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება უკავშირდება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს. იმ უტყუარი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ჩემს მარწმუნებელს ბატონ ბაჩიაშვილთან ჰქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები (და არც ბრალდებული გამოირჩეოდა რაიმე ინტერესით პოლიტიკური შინაარსის მქონე საკითხებისა თუ პროცესების მიმართ), მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დაკავშირება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება. ამავდროულად, დაზარალებული მხარისთვის გასაკვირი არ არის ბრალდებული პირის ამგვარი ტაქტიკა. იმ პირობებში, როდესაც ბატონ ივანიშვილთან, თავის დროზე, ძალიან დაახლოებული პირის (რომელიც ჯერ კიდევ მოსკოვში იქნა დასაქმებული ჩემი მარწმუნებლის მიერ და მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მის კუთვნილ სტრუქტურებში) მხრიდან ადგილი აქვს წინამდებარე განცხადებაში აღწერილ ქმედებებს, ცხადია, მისგან მოსალოდნელია ყველაფერი.

და ბოლოს, ვინაიდან, კონკრეტული პირის მიმართ, მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვფიქრობთ, არ არის მიზანშეწონილი, რეგულარულ რეჟიმში, ჩვენი მხრიდან განცხადებებისა თუ კომენტარების კეთება, მათ შორის იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ვინმეს მიერ არ იქნეს აღქმული გარკვეულ წნეხად მართლმსაჯულების პროცესზე. მართლმსაჯულების ორგანოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქმეზე დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება.

ამავდროულად, ვიტოვებთ უფლებას, რომ მომავალშიც დავაკმაყოფილოთ საზოგადოებრივი ინტერესი წინამდებარე განცხადებაში განხილულ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის, ვუპასუხოთ მავანთა მიერ გამოთქმულ უსაფუძვლო მოსაზრებებსა და ბრალდებებს, რაც მოსალოდნელია“,- აცხადებს თეიმურაზ წიქვაძე.

ასევე ნახეთ

პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ცხრა მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია